საზოგადოება
25/11/2021

ეკატერინე ტიკარაძე: საქართველოს მსგავსი ქვეყანა არსად არის, ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ 

"საქართველოსნაირი ქვეყანა მსოფლიოში არსად არის. ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ "მწვანე ბარათების" თემის კომენტირებისას განაცხადა. 

მისი თქმით, სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის მარტივია გარკვეულ წესებს გაყვეს, საქართველოს მოქალაქეებისთვის კი, ეს გაცილებით რთულია. 

მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია საზოგადოება მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებებს ეტაპობრივად შეეგუოს. 

"ყველაფერში განსაკუთრებული ვართ და სწორედ აქედან გამომდინარე, ასევე განსაკუთრებული ვართ ორი მწვანე პასპორტით, უვადო პასპორტით და ეს ყველაფერი გამომდინარეობს, ალბათ, ჩვენი გენეტიკიდან და ხასიათიდან. თითოეული მათგანი ვართ ქართველი და არ მგონია, ვინმეს ეს უკვირდეს. ჩვენ გვაქვს ყველას კონკრეტული დამოკიდებულება. მე პირადად მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადობა ეტაპობრივად შეეგუოს იმ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომლებიც მსოფლიოში მიმდინარეობს. თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის გაცილებით მარტივია, გაყვეს გარკვეულ წესებს, საქართველოში ეს რატომღაც დღემდე კიდევ უფრო რთულია. აქედან გამომდინარე, იმ დაძაბული, სოციალური, ეკონომიკური და პანდემიური ფონის  პირობებში ალბათ არ არის ცუდი გადაწყვეტილება, რომ ჩვენს მოქალაქეებს მეტი მოქნილობა ექნებათ, საქართველოში გარკვეულ დაწესებულებში იმოქმედებს უვადო პასპორტი, თუმცა ევროპაში და მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში ჩვენ დაგვჭირდება, გამოვიყენოთ ის ბაზა, რომელსაც საქართველო წარმატებით შეუერთდა და იქ ამ პასპორტის ვარგისიანობის ვადა არის 6 თვე", - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.