საზოგადოება
20/04/2021

ეკატერინე ტიკარაძე: Pfizer-ის და Moderna-ს მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნაა 

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პორტალმა, სადაც ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს, აჩვენა რომ “ფაიზერის“ და “მოდერნას“ ვაქცინების მიმართ მაღალი სანდოობაა.

“მესამე ადგილზეა “ასტრაზენეკა“, რაც მიუთითებს სახელმწიფოს სწორ გადაწყვეტილებას ამ ვაქცინასთან მიმართებაში“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით, თვის ბოლოს საქართველოში “ასტრაზენეკას“ 50 000-მდე დოზა შემოვა. შემდეგი დოზა კი, მაისში.

“თითოეულ ვაქცინას აქვს მოკლე ვარგისიანობის ვადა. მნიშვნელოვანია, რომ ვადით დაცული ვაქცინები შემოვიდეს საქართველოში“,- აცხადებს ჯანდავის მინისტრი.

ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს “ფაიზერთან“, ვაქცინის პირდაპირ მოწოდებასთან დაკავშირებით. შეთანხმება 1 მილიონ დოზაზეა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს თარიღის დადგენა, როდის შემოვა აღნიშნული ვაქცინა ქვეყანაში.

 რაც შეეხება “მოდერნას“ ვაქცინას, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მასთან მიმართებაშიც მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა ამ ეტაპზე არ არის კონკრეტული ინფორმაცია დოზებთან და შემოსვლის თარიღთან დაკავშირებით.

რაც შეეხება პორტალზე “სინოფარმის“ დაბალ მოთხოვნას, ეკატერინე ტიკარაძისთვის ეს მოულოდნელი შედეგი არ არის, რადგან, მისი თქმით, ამ ვაქცინას ამ ეტაპზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ავტორიზაცია არ აქვს.

“ვინაიდან “სინოფარმი“ წარმოადგენს ტრადიციულ მეთოდზე შექმნილ ვაქცინას, მის მიმართ საზოგადოების მოთხოვნა და ნდობა საკმაოდ მაღალია. ის, რომ დღესდღეობით ბოლო პოზიციებზეა, იქიდან გამომდინარეობს, რომ მას ამ ეტაპზე ჯანმოს ავტორიზაცია არ აქვს. დარმწუნებულები ვართ, აკრედიტაციის მიღების შემდეგ მისი პოზიციები მნიშვნელოვნად დაწინაურდება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო.სასურველ ვაქცინებს შორის Pfizer ლიდერობს,მეორე ადგილზეა Moderna , მესამეზე AstraZeneca. ბოლო პოზიციებზეა ჩინური წარმოების ვაქცინები.