ეკატერინე ტიკარაძე: მოქალაქეებს საშუალებას მივცემთ მათთვის სანდო ვაქცინა აირჩიონ
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან მიმართებაში, მოსახლეობის განწყობა დეკემბერთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია.
თუმცა, მისი თქმით, ვაქცინის სანდოობასთან დაკავშირებით, ცნობიერების ამაღლების კუთხით, კამპანია ჩატარდება.
როგორც მინისტრი ამბობს, ვაქცინაცია ნებაყოფლობითი იქნება, აგრთვე მოქალაქეებს შესძლებლობა ექნებათ, ვაქცინებს შორისაც გააკეთონ არჩევანი.
“მოქალაქეებს საშუალებას მივცემთ, მათთვის სანდო ვაქცინა აირჩიონ, რომელსაც უფრო მეტად ენდობიან“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ვაქცინების არჩევის შესაძლებლობა მოქალაქეებს მეორე კვარტალში ექნებათ.
„არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის კრიტიკულია პირველი კვარტალი. ამის შემდეგ როგორც მწარმოებლებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს აქვთ იმის მოლოდინი, რომ წარმოება მნიშვნელოვნად გაიზრდება. სწორედ ამიტომ, ჩვენ მოლაპარაკებები გვაქვს ყველა მიმართულებით. მეორე კვარტალი გაცილებით უფრო დატვირთული იქნება როგორც არჩევანის, ასევე აქტივობის მხრივ“,- აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.
რაც შეეხება ჩინური წარმოების ვაქცინის მიმართ მოსახლეობის უნდობლობას, ამასთან დაკავშირებით მინისტრი განმარტავს:
„აქ კომპონენტში მთავარია მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან ვაქცინის აღიარება. როდესაც ჩინურ ვაქცინას მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან ექნება აღიარება, ეს უკვე მის ხარისხს ეჭვქვეშ არ დააყენებს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ჩინური ვაქცინა ტრადიციულ მეთოდებზეა დამყარებული, რაც შესაძლებელია, ბევრი მოქალაქისთვის უპირატესობის განმსაზღვრელი გახდეს“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.