ეკატერინე ტიკარაძე: კოვიდვაქცინაზე ისრაელთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი დოზების საქართველოში შემოტანასთან დაკავშირებით პარტნიორ ქვეყნებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
კერძოდ, მისი თქმით, ინტენსიური მოლაპარაკება მიმდინარეობს ისრაელთან, რათა pfizer-ის და moderna-ს ვაქცინების დამატებითი დოზების შეძენა, ასევე დონაცია მოხდეს.
„აგრეთვე ინტენსიურად არის ჩართული გერმანიის მთავრობა, რომელთანაც მოლაპარაკება გვაქვს მათ მიერ წარმოებულ ვაქცინებთან დაკავშრებით. თუმცა, ამ მიმართულებით ზუსტად ვიცით, რომ მოწოდება შესაძლოა შესაძლებელი გახდეს მესამე კვარტალში და არა უფრო ადრე. პარალელურ რეჟიმში საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ყველა პარტნიორ ქვეყანასთან მიდის მოლაპარაკება, დამატებითი დოზების შეძენასთან დაკავშირებით“,- აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრთან.
მინისტრის ინფორმაციით, საქართველო ASTRAZENECA-ს ვაქცინის პირველ პარტიას 13 მარტიდან მიიღებს. საუბარია 43 200 დოზაზე. დანარჩენი დოზების მიღებასთან დაკავშირებით კოვაქს პლატფორმასთან მოლაპარაკება გრძელდება.
„სხვადასხვა მომწოდებელთან გვაქვს მოლაპარაკება, ეს არის როგორც ASTRAZENECA-ს სხვადასხვა მწარმოებელი - ინდოეთი, კორეა, ასევე მოლაპარაკება მიმდინარეობს MODERNA-სთან და Johnson & Johnson-თან“,- აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.