ეკატერინე ტიკარაძე: კლინიკებისთვის ტარიფების დადგენის პროცესი გაგრძელდება
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის შეფასებით, სამედიცინო მომსახურების ერთიან სატარიფო პოლიტიკას დადებითი შედეგი აქვს, რაც კარდიოქირურგიის მაგალითზე ჩანს.
მისი თქმით, დადგენილი ტარიფების ფარგლებში მნიშვნელოვნად შემცირდა პაციენტების “ჯიბიდან გადასახადი“.
თუმცა, მინისტრის განცხადებით, ტარიფების დადგენის მიუხედავად, პაციენტების მიმართ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას მაინც აქვს ადგილი, რასაც რეაგირება მოჰყვება.
“ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას, რომ სამწუხაროდ პაციენტების მიმართ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას ისევ აქვს ადგილი. დადგენილი ტარიფების ფარგლების ზევით ისევ ხდება პაციენტებისთვის თანხების მოთხოვნა, სრულიად გაუგებარი მიზეზებით. მსგავს პრეცედენტებზე ჩვენ არაერთხელ გავეცით გაფრთხილება, რომლის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში მოგვიწევს სათანადო უწყებებისთვის მიმართვა, რათა გამოიძიონ და რეაგირება მოახდინონ მსგავს ფინანსურ სქემებზე. მიუხედავად იმისა, რომ გათნაბრებული ტარიფების ინიციატივა არაერთხელ გახდა განსჯის საგანი, მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მსგავსი არაპოპულარული ნაბიჯები, დიდი რეფორმების ნაწილია, რომელშიც კეთილსინდისიერად პასუხისმგებლობით ჩართულობა ყველას ვალდებულებაა. ჩვენი პრიორიტეტია, ხალხის ბიუჯეტის მაქსიმალურად მიზნობრივად და კეთილსინდისიერად გამოყენება. სწორედ ამიტომ ჩვენ ვახორციელებთ შესყიდვების პროცესების მუდმივ აუდიტს, რათა გამოვლინოთ ხარვეზები და კორუფციის თუნდაც მინიმალური რისკი თუ ცდუნება. ჩვენ შესყიდვებზე პასუხისმგებელ თანამშრომელს მივეცით არაერთხელ სახელმღძვანელო მითითებები, რათა პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და სამართლებრივად გამართული.
მინდა აღვნიშნო, ბოლო 2 წლის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო აუდიტს შორის, უპრეცედენტოდ გაიზარდა თანამშრომლობის ინტენსივობა და ხარისხი. აუდიტის გაძლიერებული ღონისძიებები მიმდინარეობს, როგორც სამინისტროს ცენტრალური აპარატის, ისე მასთან დაქვემდებარებული სამსახურების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრის ინფორმაციით, ტარიფების დადგენის პროცესი გაგრძელდება და გათნაბრებული ტარიფები უახლოეს პერიოდში გავრცელდება ყველა ნოზოლოგიაზე.
“ჩემთვის სრულიად გასაგებია ბიზნესის წუხილი ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით, ამიტომ ღიად ვაცხადებ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვის მზად არის დაწესებულებების წარმომადგენლებთან მსჯელობისთვის, რათა უპირველეს ყოვლისა შევძლოთ მოსახლეობის საჭიროებაზე პასუხი, ხოლო მეორეს მხრივ სამედიცინო სექტორმა განაგრძოს მდგარი განვითარება“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში, სადაც მას “მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.