საზოგადოება
06/05/2021

ეკატერინე ტიკარაძე: დამატებით ლოკალურ შეზღუდვებზე საბჭო იმსჯელებს

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა საყურადღებოა.

მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭო დამატებით ლოკალურ შეზღუდვებთან დაკავშირებით იმსჯელებს. თუმცა, მან არ დააკონკრეტა, რა დამატებითი შეზღუდვები შესაძლოა დაწესდეს.

“მნიშვნელოვანია პირველ რიგში ხელი შევუწყოთ პრევენციას და არ მივმართოთ რადიკალურ ზომებს.

დღეს არსებული მაჩვენებლებით, მაისის მეორე ნახევარში მოსალოდნელია პიკი. თუმცა, თუ საზოგადოება და სახელმწიფო ერთიანად იმოქმედებს, რომ მოხდეს ინფექციის დროული და ადეკვატური შეკავება, რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ არ მივიღოთ პიკური მაჩვენებელი და შევძლოთ ვირუსის მართვა“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის ინფორმაციით, ჰოსპიტალურ სექტორში 6 000 საწოლია მობილიზებული, ამ ეტაპზე კლინიკებში 4 000 პაციენტი იმყოფება. მობილიზებულია აგრეთვე 10-ზე მეტი კლინიკური სასტუმრო, სადაც პაციენტები მკურნალობას გადიან.

“ვთვლით, რომ ეს დღევანდელი მაჩვენებლებისთვის სრულიად საკმარისია. არსებობს გარკვეული გეგმა, რიცხობრიობის მატებასთან ერთად, ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ საწოლები დავამატოთ“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.