საზოგადოება
30/03/2021

ეკატერინე ტიკარაძე: ამ ეტაპზე დამატებითი შეზღუდვები არ განიხილება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა იზრდება. 

მისი თქმით, ამ ეტაპზე პრევენციის მიზნით ახალი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება, თუმცა საკოორდინაციო საბჭომ დღეს მოქმედი ღონისძიებების აღსრულების გამკაცრებაზე იმსჯელა. 

“მნიშვნელოვანია, ყველა რეგიონში მკაცრად იყოს დარეგულირებული სიტუაცია. ჩვენმა მოქალაქეებმა 1 წლის შემდეგ მნიშვნელოვანია გაიგონ იმის თაობაზე, რომ ქელეხები და ქორწილები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ ეპიდემიის მატებასთან მიმართებაში. შეიძლება რიგ შემთხვევაში წუხილი და დღესასწაულები გადავდოთ იმ პერიოდისთვის, როდესაც არ იქნება ეპიდმგდომარეობა ასეთი კრიტიკული და არ გავამწვავოთ საქართველოში ამით მდგომარეობა. ვინაიდან ჩვენ წარმატებით მოვახდინეთ დასტაბილურება, რატომღაც ეს მოქალაქეებისთვის გახდა ძალიან დადებითი მესიჯი, რომ დავუბრუნდით ცხოვრების ჩვეულ რითმს, რის საშუალებასაც პანდემია არ გვაძლევს. 

ჩვენ ვაკვირდებით ასევე ევროპას, სადაც პირიქით, გამკაცრება მიმდინარეობს. საქართველოს მთავრობას ნამდვილად არ უნდა, რომ მიმართოს ისეთ მკაცრ შეზღუდვებს, როგორიც გვქონდა შარშან გაზაფხულზე, ასევე ზამთარში. მნიშვნელოვანია, პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანცია, ასევე პირადი ჰიგიენა. ამ ეტაპისთვის დამატებითი შეზღუდვების შემოღება არ განიხილეა. თუმცა, ვთვლით, რომ მოქალაქეებთან აქტიური კომუნიკაცია საჭიროა, უკვე ადგილობრივ დონეზეც“,- აღნიშნა მინისტრმა. 

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჰოსპიტალურ სექტორში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა გაზრდილია. კლინიკაში 1624 პაციენტი იმყოფება, აქედან 68 რეანიმაციულ განყოფილებაშია, 316 ჟანგბადდამოკიდებული.