საზოგადოება
04/10/2023

"დროის გარკვეულ მონაკვეთებში შესაძლოა, დედაქალაქში დიდი გაბარიტების ავტომობილების გადაადგილება აიკრძალოს"

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტი მუშაობს ინიციატივაზე, რაც პიკის საათებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის შეზღუდვას გულისხმობს.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, საცობებს ქმნის, როგორც ავტომობილების გაზრდილი რაოდენობა, ასევე დიდი სატვირთო ავტომანქანები.

„იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის სატრანსპორტო პოლიტიკა და რეფორმა, რომელიც 2017 წლიდან დავიწყეთ. მანამდე ამ მიმართულებით არაფერი კეთდებოდა. ერთადერთი მერი გახლდათ დავით ნარმანია, რომელმაც კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, შეიძინა MAN-ის ფირმის ახალი ავტობუსები, თუმცა, ყველას გვახსოვს საერთო ჯამში როგორი ავტობუსები და მიკროავტობუსები ემსახურებოდა თბილისს. ჩვენ დავიწყეთ რეფორმა, რომელიც ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება.  სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს და უნდა გავაგრძელოთ. ცხადია, ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს თბილისში არსებული კერძო ავტოპარკი. 2012 წელს დედაქალაქში დაახლოებით, 180 000 ავტომობილი გადაადგილდებოდა, დღეს კი მათი რაოდენობა 600 000-მდეა გაზრდილი. ვვარაუდობთ, რომ ეს მონაცემები კიდევ უფრო გაიზრდება. არის კიდევ ერთი პრობლემა, რომ პიკის საათებში ხშირად ვხვდებით დიდ სატვირთო ავტომანქანებს. ისინი თავიანთი გაბარიტებით, მოცულობით კიდევ უფრო აფერხებენ გადაადგილებას და ამასთან, ზრდიან საავარიო სიტუაციების ალბათობას, რაც თავის მხრივ, ხანგრძლივად აფერხებს საგზაო მოძრაობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ბიზნესსექტორთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, პიკის საათებში დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილების გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდეს.

მისივე თქმით, ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„ამ პრობლემის დასაძლევად, ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვა პიკის საათებში. ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ვთანამშრომლობთ ბიზნესსექტორთან. გვქონდა არაერთი შეხვედრა „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ წარმომადგენლებთან. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ. ჩვენ მათ გავაცანით ჩვენი ხედვა. ეს კომუნიკაცია გრძელდება. ვაპირებთ, რომ ბიზნესსექტორის ყველა წარმომადგენელს შევხვდეთ და აღნიშნულ საკითხზე მივაწოდოთ ინფორმაცია. ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს მარტივი ვერ იქნება. ვფიქრობთ, რომ საბოლოო შეთანხმების შემდეგ, ეს წესი მომავალი წლის იანვრიდან ავამოქმედოთ.

ცხადია, შეზღუდვა საწყის ეტაპზე არსებით გავლენას იქონიებს ეკონომიკურ სექტორზე, ბიზნესზე. შესაბამისად, ჩვენ ამ ინიციატივაზე სწორედ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან“ ერთად ვიმუშავეთ. გვქონდა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა, სადაც ყველა სექტორი იყო წარმოდგენილი, გავცვალეთ პოზიციები, გავითვალისწინეთ შენიშვნები და მოსაზრებები და საბოლოო ჯამში, მათთან აქტიური კომუნიკაციით წარმოგიდგენთ შეჯერებულ პოზიციას“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება რეგულაციას, კახა კალაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ახალი წესი ამოქმედდება, შეზღუდვა შეეხება დროის გარკვეულ მონაკვეთს - 08:00-11:00 და 17:00-20:00 საათების შუალედს.

„თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე აიკრძალება M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, 08:00-11:00 საათებში და 17:00-20:00 საათების შუალედში; ამასთან, მანქანების მოძრაობა აიკრძალება არა მთელი ქალაქის მასშტაბით, არამედ მხოლოდ ქალაქის გარკვეულ ტერიტორიაზე, იმ მონაკვეთებში, სადაც პიკის საათებში დიდია ნაკადები და გადაადგილება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. მოხდება ორგანიზება, რომელმა სექტორმა რომელ საათში უნდა იმოძრაოს, რომ ყველამ ერთად არ მოიყაროს თავი. ეს შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათს და კვირას, შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებში. ასევე, არ იმოქმედებს აგვისტოში. ვფიქრობთ, რომ აგვისტო იყოს გადაადგილებისთვის თავისუფალი, რადგან, როგორც წესი, ამ პერიოდში ქალაქი შედარებით თავისუფალია, მოსახლეობა გადის დასასვენებლად და ამიტომ, ეს გამონაკლისი შესაძლებელია რომ დაშვებულ იქნას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, რეგულაცია არ შეეხება საგამონაკლისო შემთხვევებს, რაც  აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებებთან არის დაკავშირებული.

„გამონაკლისი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი; არაგეგმური საავარიო და სიცოცხლის/ჯანმრთელობის საფრთხის  შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტი; მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის საჭირო ტრანსპორტი; მოსწავლეების და სტუდენტების გადაადგილებისთვის საჭირო ტრანსპორტი; ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტი და ა.შ. აღნიშნულ ავტომანქანებზე, გადაადგილების შეზღუდვა არ გავრცელდება.

აქვე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური სექტორი, რომელზეც არსებით გავლენას მოახდენს ეს რეგულაცია, სამშენებლო სექტორია. მას უდიდესი კონტრიბუცია შეაქვს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში და დედაქალაქში განსაკუთრებით დიდი როლი აქვს. ჩვენ მათთანაც გვაქვს კომუნიკაცია. ჯერჯერობით შეთანხმება არ მიღწეულა. მათ თავიანთი მოსაზრებები აქვთ, ჩვენ კი ჩვენი დამოკიდებულება. ყველას ინტერესს ვითვალისწინებთ. უმთავრესი კი არის ქალაქის ინტერესი, რომ საცობებისგან განტვირთული ქუჩები გვქონდეს. სამშენებლო სექტორთან შეხვედრები გაგრძელდება მომდევნო დღეებშიც“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, საზოგადოებას მომდევნო დღეებში მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას, თუ რა გადაწყვეტილება იქნება საბოლოოდ მიღებული.

 

Businesspartner