დისტანცია, პირბადე, გაზრდილი დრო სეანსებს შორის - CAVEA კინომოყვარულებს 8 აპრილიდან ელის
„კავეა“ კინომოყვარულებს 8 აპრილიდან უმასპინძლებს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას მუშაობის განახლების უფლება დღეიდან ჰქონდა კინოთეატრში აუცილებელი რეგულაციებისთვის საჭირო სამზადისი მიმდინარეობს.
„კინომოყვარულებს "კავეაში" ახალი წესები აუცილებლად დახვდებათ, თუმცა იქნება ბევრი პრემიერა. კინოთეატრის მთელ ტერიტორიაზე სავალდებულო იქნება პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და ყველა ის რეგულაცია რაც დახურულ სივრცეებს შეეხება. დისტანცირება სავალდებულოა დარბაზშიც, სადაც მომხმარებლები სკამების გამოტოვებით დასხდებიან. გამკაცრდება დასუფთავების წესებიც. ყოველი სეანსის შემდეგ დარბაზში სველი წესით დეზინფექცია ჩატარდება, ამის გამო გაიზრდება სეანსებს შორის არსებული შესვენების დრო. მარტივად რომ ვთქვათ, გაკეთდება ყველაფერი იმისთვის რომ მაყურებელმა კინოში თავი უსაფრთხოდ იგრძნოს,“ - განმარტავს "ბიზნესპარტნიორთან" „კავეას“ მარკეტინგის დირექტორი სალომე კუპრაშვილი.
რეგულაციების სრული დაცვის მიუხედავად, "კავეა" მომხმარებლების კლებას მაინც პროგნოზირებს, მიზეზად ძირითადად კომენდანტის საათი სახელდება. კომპანიის ვარაუდით, მომხმარებლების კლება 50%-იან ნიშნულს გადააჭარბებს, თუმცა ამის გამო „კავეა“ საფასო პოლიტიკის გადახედვას არ აპირებს.
„მომხმარებელი ფიზიკურად ვერ გვეყოლება იმდენი რამდენიც ჩვეულ შემთხვევაში იყო. თუნდაც დისტანცირების აუცილებლობის და კომენდანტის საათის გამო. ამის მიუხედავად საფასო პოლიტიკის გადახედვას არ ვაპირებთ და ფასები აუცილებლად შენარჩუნდება ისე, როგორც პანდემიამდე იყო. მსოფლიოში არსებული ტენდენცია აჩვენებს, რომ მაყურებლები კინოთეატრებს უბრუნდებიან და ჩვენც მომავალს იმედიანად ვუყურებთ. კარგია ის რომ შეზღუდვები შაბათ-კვირას არ გვეხება. ვიმედოვნებთ, ამ პერიოდში მაქსიმალურად დავიტვირტებით,“ - ამბობს სალომე კუპრაშვილი.
8 აპრილს "კავეა" მომხმარებელს პრემიერებით შეხვდება. კინოთეატრში ოსკარის ნომინანტი ფილმების ჩვენებასთან ერთად, „გოძილა კონგის წინააღმდეგ“, „მორტალ კომბატი“, „ტომი და ჯერი“, „კურიარი“ და სხვა კინოჩვენება მოეწყობა.
ფოტო: შალვა სუმბაძე