დღეიდან რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება
დღეიდან მედიკამენტის რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღეიდან ექიმი ვალდებულია, წამალი მხოლოდ გენერიკული, ანუ საერთაშორისო დასახელებით გამოწეროს და არა კონკრეტული მწარმოებლის ბრენდის მიხედვით.
"ეს ნიშნავს, რომ ფარმაცევტი მომხმარებელს გენერიკული მედიკამენტების ე.წ. პოზიტიური სიიდან 3 ყველაზე იაფ წამალს შესთავაზებს. ეს იქნება მისი ვალდებულება. მას შემდეგ, რაც ექიმი გამოწერს ამ რეცეპტს, შემდეგ ფარმაცევტი ვალდებული იქნება, რომ მოქალაქეს შესთავაზოს 3 ყველაზე იაფი წამალი. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, მოქალაქე თავად გადაწყვეტს, თუ რომელიც წამალი შეიძინოს. ამიტომ, ჩვენი მოლოდინია, რომ გენერიკული რეცეპტების დანერგვით, რისკები, რომლებიც ექიმების მხრიდან, რა თქმა უნდა, ყველაზე არ მაქვს საუბარი, ზოგადად, მაგრამ არსებობს ეს პრობლემები და იყო, უნდა ვაღიაროთ, ექიმების, ფარმაცევტების მხრიდან, შესაძლო, ბრენდული, კონკრეტული კომპანიების, თუ მწარმოებლების, მედიკამენტების ლობირება, არაკეთილსინდისიერი მარკეტინგი და წამლებზე ფასების ხელოვნური ზრდა იქნება დაზღვეული",- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ფარმაცევტულ ბაზარზე სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება.
"ჩვენი მოლოდინია, მოქალაქეებს სამართლიანად შესთავაზებენ მედიკამენტებს. დიდი იმედი მაქვს, რომ აღნიშნული რეფორმა იქნება ძალიან წარმატებული და რაც მთავარია, ჩვენს ხალხს, მათ კეთილდღეობას წაადგება და მათ ჯიბეზე, მათ დანახარჯებზე აისახება ეს ყველაფერი, ნაკლები დანახარჯები ექნებათ მედიკამენტებზე. არაერთი ინფორმაცია მივიღეთ, რომ თუ ადამიანს კონკრეტული მედიკამენტის შეძენაში ეხარჯებოდა თვეში 300-400-500 ლარი, ახლა ეს თანხა არის განახევრებული კი არა, 60-70-80%-ით არის შემცირებული ფასები, რაც დამერწმუნებით, მართლაც ძალიან კეთილი საქმეა.
აქვე მინდა ჩვენს მოქალაქეებს განვუმარტო, რომ აღნიშნული რეცეპტების გენერიკებით გამოწერის ვალდებულება მოქმედებს ყველა ნორმალურ, ცივილიზებულ სახელმწიფოში, ევროპაში, ამერიკაში, პრაქტიკულად ყველგან. მე თავად მინახავს და ალბათ თქვენ, ვისაც გქონიათ საშუალება, შემთხვევა, როდესაც მედიკამენტებს ყიდულობთ ევროპაში, ამერიკაში, გთავაზობენ რამდენიმე ვარიანტს და თავად ირჩევს მომხმარებელი, რომელი შეიძინოს - ძვირიანი, იაფიანი, ნაკლებად იაფიანი და ა.შ.“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.