დღეიდან "მწვანე ბარათი" ამოქმედდება
დღეიდან განსაზღვრულ დაწესებულებებში "მწვანე ბარათის" წარდგენის გარეშე შესვლას ვერ შეძლებთ.
ე.წ. მწვანე სტატუსი ექნება პირს, თუ ის ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს ბოლო 72 საათის განმავლობაში PCR ტესტი, ან ბოლო 24 საათის განმავლობაში სწრაფი ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.
მწვანე ბარათის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის.
მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ "მწვანე ბარათის" პრინციპით შესვლას შეძლებენ: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე.
რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, "მწვანე ბარათის" მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.
"მწვანე ბარათის" არმქონე პირის დაწესებულებაში შეშვების გამო, ინდმეწარმე 2000 ლარით, იურიდიული პირი 10 000 ლარით დაჯარიმდება.