საზოგადოება
19/04/2021

დღეიდან ინდოეთიდან შემოსული პირები კარანტინს დაექვემდებარებიან

დღეიდან ინდოეთიდან შემოსული პირები კარანტინს დაექვემდებარებიან

ცვლილება “იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში შევიდა, რომელიც საკანონმდებლო მაცნეშია გამოქვეყნებული.

დადგენილების თანახმად, ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირი, მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად, ასევე პირები, რომლებსაც აქვთ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ინდოეთის რესპუბლიკაში მოგზაურობის ისტორია, ექვემდებარებიან საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატური პასუხის წარდგენას საზღვარზე და შემდგომ სავალდებულო 14-დღიან კარანტინს (უცხოელის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯით).

კარანტინს ექვემდებარებიან აგრეთვე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირები. ისინი საკარანტინო სივრცეში 12 დღის განმავლობაში იქნებიან.

სხვა ქვეყნებიდან შემოსულმა პირებმა ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინონ, ხოლო საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს უზრუნველყონ საკუთარი ხარჯით PCR-ის ჩატარება.