დავით ნარმანია: "თელასის" და "თელმიკოს" შემოწმება 1 თვეში უნდა დასრულდეს
სემეკის სხდომაზე "თელასისა" და "თელმიკოს" შემოწმების საკითხს განიხილავენ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარში მომხმარებელთა დიდმა რაოდენობამ შეიტანა განცხადება დარიცხვის უზუსტობაზე და გაზრდილ გადასახადზე.
სხდომაზე შემოწმების ვადად განისაზღვრა 3 თვე. შემოწმება დაიწყება 3 თებერვალს და უნდა დასრულებულიყო 3 მაისს. თუმცა, სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ შემოწმება 1 თვეში უნდა დასრულდეს. იმ შემთხვევაში თუ, ჯგუფი შემოწმებას 1 თვეში ვერ დაასრულებს, ვადა გახანგრძლივდება.
"იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო პერიოდში მარეგულირებელ კომისიაში შემოვიდა განცხადებები და მომხმარებელთა პრეტენზიები დარიცხვასთან დაკავშირებით, ასევე სოციალურ ქსელებში მაღალია უკმაყოფილება, მარეგულირებელმა კომისიამ იმსჯელა და დღევანდელ სხდომაზე გადაუდებელი წესით წარმოადგინა საკითხი ორივე კომპანიის შემოწმების თაობაზე.
შემოწმება დაიწყება 3 თებერვლიდან, 3 მაისამდე გაგრძელდება კი, ძალიან დიდი ვადაა. ხალხი ამდენს ვერ დაელოდება. შესაბამისად, მივიჩნევთ, რომ შემოწმება 1 თვის ვადაში დავასრულოთ. თუ ჯგუფი 1 თვეში ვერ დაასრულებს შემოწმებას, ვადა გავუგრძელოთ. მთლიანად შემოწმდება დარიცხვასთან და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული საკითხები", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.