დაწესდება თუ არა სააღდგომოდ დამატებითი შეზღუდვები - საკოორდინაციო მომავალ კვირაში იმსჯელებს
დაწესდება თუ არა სააღდგომოდ დამატებითი შეზღუდვები, საკოორდინაციო საბჭო მომავალ კვირაში ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე მიიღებს გადაწყვეტილებას. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
“აღდგომის დღესასწაულამდე ჯერ დროა, ჩვენ რა თქმა უნდა დაველოდებით ეპიდემიური სიტუაცია როგორ განვითარდება. ჯერჯერობით დამატებითი შეზღუდვების დაწესებაზე საუბარი არ არის, თუმცა ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მომავალ კვირაში იქნება, როდესაც უნდა გავიაროთ ის დღეები, რომელიც უკავშირდება რელიგიურ მსახურებას, სოციალურ თავშეყრას, ოჯახურ თავშეყრას, რაც ინფექციის გავრცელების რისკია. მთავარი რეკომენდაცია იქნება სოციალური თავშეყრისგან თავის შეკავება, ასევე ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და სხვა დანარჩენი. როგორც ეპიდემია მოგვცემს შესაძლებლობას, იმის მიხედვით გადაწყდება“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდემიური სიტუაცია უარესდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მესამე ტალღის ნიშნებია.
“მნიშვნელოვანია ისევ პრევენციული ზომების მიღება, მათ შორის გაფართოებული ტესტირების პროგრამა და ბიზნესგარემოში წესების დაცვა“,- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
თამარ გაბუნიას ინფორმაციით, სამედიცინო სექტორი მობილიზებულია. ბოლო 2 დღეში 1000-მდე საწოლი დაემატა. მობილიზებულია ასევე ონლაინ კლინიკები და კოვიდსასტუმროები.