საზოგადოება
21/01/2021

COVID-ვაქცინის მოლოდინში - მთავრობამ გეგმა უკვე დაამტკიცა

საქართველო ვაქცინის მიღების სამზადისშია.  მთავრობამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გეგმა უკვე დაამტკიცა.

გეგმის ეტაპები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ წარადგინა.

"ყველაზე მაღალი რისკის სამიზნე ჯგუფი ჯანდაცვის სექტორის მუშაკები არიან. ამ ჯგუფის სამიზნე მოსახლეობა ჯამურად 71 000-ია. მოცვის მაჩვენებელი 65%-ია. ეს უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ჯგუფების მოცვის მაჩვენებელი. ჩვენი მიზანი პირველივე ეტაპზე 46 000 ადამიანის აცრაა. ეს, დიდი ალბათობით, ამ წლის პირველი კვარტალი იქნება. ველოდებით, რომ ვაქცინებს პირველივე კვარტალში მივიღებთ.

შემდეგ ამას მოჰყვება ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები და პერსონალი. ეს გახლავთ ხანდაზმულთა სახლები, პანსიონატები, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრები. 2 600 ადამიანია სულ, 60%-იან მოცვაზეა განსაზღვრული. შემდეგი ეტაპი ასაკობრივი ჯგუფებია. 75 წელს ზემოთ პირები, 65-დან 74 წლამდე. ეს ყველა პირველი ჯგუფის ბენეფიციარია, ასევე ესენციური, ანუ ძირითადი სერვისების მიმწოდებლები. აქ საუბარია სტრატეგიული მნიშვნელობის სერვისებზე, პოლიცია, ჯარი და ა.შ. მიმწოდებლების რაოდენობა აქ არის 180 000 და სამიზნე მოცვა დაახლოებით 108 000.

შემდეგ მოდის ნაკლებად რისკ ჯგუფები. 55-დან 64 წლამდე პირები, რაც შეეხება უფრო ახალგაზრდა პირებს, გამოყოფილია ქრონოკული დაავადებების მქონე პირები. ჯამურად ეს ჯგუფები, ანუ პრიორიტეტი გამოდის 830 000 ადამიანი და შემდეგ მოდის მოსახლეობის დანარჩენი ჯგუფები",- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ვაქცინაცია წლის ბოლომდე ჯამურად 1 700 000-მდე ადამიანის მოცვას ითვალისწინებს.