ჩინური Sinopharm-ით ვაქცინაცია საქართველოში მაისში დაიწყება
იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩინური წარმოების ვაქცინის “სინოფარმის“ გამოყენება საქართველოში მაისში დაიწყება. რეგისტრაცია კი, 27 აპრილიდან იქნება შესაძლებელი.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ის გარემოებაც, რომ ქვეყანაში “ასტრაზენეკას“ ვაქცინის არჩევანის საშუალება მხოლოდ 55 წელს ზევით ასაკის პირებს აქვთ, ჩინური ვაქცინის გამოყენების აუცილებლობას ქმნის.
მისი თქმით, “სინოფარმის“ ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას აპრილის ბოლოსთვის ელოდება. ამასთან, დღევანდელი მდგომარეობით, “სინოფარმის“ ვაქცინა 35 ქვეყანაშია აღიარებული. ჩინეთის მწარმოებელს კი, 200 მილიონ დოზაზე მეტი აქვს გაცემული.
“ვფიქრობთ, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ის, რომ “ასტრაზენეკას“ არჩევანი აქვს მხოლოდ 55 წლის ზემოთ ასაკის პირებს, ცალსახად აყენებს აუცილებლობას, დავიწყოთ მისი გამოყენება. ჯანმოს მიერ მისი აღიარება აპრილის ბოლოს თუ არ მოხდება, ამან არ უნდა შეგვაფერხოს და დრო არ უნდა დავკარგოთ“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.