საზოგადოება
05/04/2021

ჩინეთის ელჩი: ჩინური ვაქცინის უსაფრთხოების და ეფექტიანობის დონე ძალიან მაღალია

საქართველოში ჩინეთის ელჩის ლი იენის განცხადებით, ჩინური ვაქცინები ეპიდემიის წინააღმდეგ, გლობალურ ომში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

„კორონავირუსის გლობალური პანდემიის დაწყებიდან ჩინეთი და საქართველო ამ სირთულეებისას ეხმარებიან და მხარში უდგანან ერთმანეთს. პრევენციისა და კონტროლის გამოცდილების გაზიარებით, მატერიალური დახმარების გაწევითა და სხვა ფორმებით, ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო თანამშრომლობას აქტიურად ვახორციელებთ. როგორც იტყვიან, მეგობარი გასაჭირში იცნობაო. ვაქცინების მიმართ მოთხოვნა, როგორც საერთაშორისო დონეზე, ისე ქვეყნის შიგნით, ძალიან მაღალია, ხოლო ვაქცინების წარმოების მოცულობა, არასაკმარისია. ასეთ ვითარებაში, ქართული მხარის თხოვნის შესაბამისად, ჩინურმა მხარემ საქართველოს ვაქცინა მიაწოდა. ვაქცინა ვირუსის საწინააღმდეგო იარაღი და სიცოცხლის გადარჩენის იმედია. ჩინეთი ყოველთვის მსოფლიოში ვაქცინის კვლევის, განვითარებისა და წარმოების, და ვაქცინების კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობის პირველი ეშელონი იყო. ჩინური ვაქცინები ეპიდემიის წინააღმდეგ გლობალურ ომში მნიშვნელოვან როლს თამაშობს“,- აღნიშნა ლი იენმა.

მისი თქმით, ჩინური კოვიდვაქცინის უსაფრთხოების და ეფექტიანობის დონე ძალიან მაღალია.  

“ჩვენ საქართველოს მივაწოდეთ კომპანია “სინოფარმის“ მიერ წარმოებული ვაქცინა, რომელიც ტრადიციული, სანდო, ვირუსის ინაქტივირების მეთოდით არის დამზადებული. ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის დონე ძალიან მაღალია. ეს ვაქცინა ამ მომენტისთვის არა მხოლოდ ჩინეთში გამოიყენება ფართოდ, არამედ მისი ექსპორტი 50-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება. მსოფლიოში გამოყენებულია 100 მილიონზე მეტი დოზა.

ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა საერთაშორისო საზოგადოების მიერ ფართოდ არის აღიარებული. ჩინური მხარე იმედოვნებს, რომ ჩინური ვაქცინა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს მიერ ეპიდემიის დამარცხების და ქართველის ხალხის სიცოცხლის, უსაფრთოხებისა და ჯანმრთელობის დაცვის საქმეში“,- აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, შემდეგ ეტაპზე, ჩინეთი მზადაა, გააგრძელოს ქართულ მხარესთან ეპიდემიის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამშრომლობა, მათ შორის ვაქცინების მიმართულებით.

“მთელი გულით ვიმედოვნებ, რომ ჩინური ვაქცინა საქართველოს ეპიდემიის მალე დამარცხებაში და სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისა და განვითარების და ნორმალური ცხოვრების რეჟიმის აღდგენაში დაეხმარება“, - განაცხადა ლი იენმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ჩინური წარმოების “სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზა მიიღო. ჩინურ ვაქცინას ამ ეტაპზე უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან აქვს აღიარება. აპრილის შუა რიცხვებში კი, ჯანმოს ავტორიზაციას ელის. ჩინეთის მთავრობა აპირებს, რომ საქართველოს “სინოვაკის“ ვაქცინაც გადასცეს.