საზოგადოება
26/08/2020

ჩინელი სპეციალისტები რიკოთისა და ქვეშეთი-კობის მაგისტრალების მშენებლობაში ჩართვამდე კარანტინს გადიან

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთისა და ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბის მშენებლობაში ჩასართავად  ჩინეთიდან შესრულებული რეისებით ჩამოსული 270-მდე პერსონალი  14 დღიან კარანტინს გადის.

გზების დეპარტამენტის ცნობით, მათი გადაყვანა სპეციალურად მომზადებულ საკარანტინე ზონებში კონტრაქტორმა კომპანიამ უზრუნველყო.

ჩამოსულ პერსონალს საკარანტინე ზონაში ჩაუტარდა PCR ტესტი და პირველადი მონაცემებით კორონავირუსი არცეთს დაუდასტურდა. 14 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, საკარანტინე სივრცის დატოვებამდე, პერსონალი განმეორებით გაივლის ტესტირებას და ექიმის დასკვნის საფუძველზე ჩაერთვება მიმდინარე სამუშაოებში.

როგორც უწყებაში ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ გლობალური პანდემიის პირობებში საქართველოში სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები არ შეჩერებულა, ზოგიერთი მათგანის ტემპი სპეციალური კვალიფიკაციის მქონე მუშახელის არასაკმარისი რაოდენობის გამო მნიშვნელოვნად შეფერხდა. სამუშაოს უფრო ეფექტურად წარმართვისთვის საჭირო გახდა დამატებითი კვალიფიცირებული პერსონალის ჩინეთიდან ჩამოყვანა. სულ, კარანტინის გავლა დაახლოებით 500 სპეციალისტს მოუწევს.

საქართველოში, ბათუმის შემოვლითი გზისა და გრიგოლეთი-ქობულეთის პროექტებში უკვე ჩაერთნენ  თურქი სპეციალისტები, რომლებმაც კარანტინი ყველა წესის დაცვით გაიარეს. 

Businesspartner