ბუსტერდოზების გაკეთების ვადა კიდევ შემცირდება
იმუნიზაციის საბჭოს რეკომენდაციაა, კოვიდვაქცინის ბუსტერდოზის გაკეთების ვადა კიდევ შემცირდეს.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განმარტა, ნებისმიერი ვაქცინისთვის ბუსტერდოზის ჩატარება შესაძლებელი გახდება მესამე თვიდან. იმუნიზაციის საბჭოს ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის ახალი შტამის "ომიკრონის" გავრცელების რისკს ეფუძნება.
"ბოლო პერიოდში ბუსტერდოზების დამცველობით ეფექტზე დიდი აქცენტი კეთდება. "ომიკრონის" გავრცელებასთან ერთად, აშკარად იკვეთება ბუსტერდოზების გაკეთების აუცილებლობა. დღეს იმუნიზაციის საბჭომ რეკომენდაცია გაუწია ბუსტერდოზების ჩატარების შესაძლებლობას უკვე მესამე თვიდან ყველა ვაქცინისთვის", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
დღეს არსებული წესით,"ფაიზერის" და "ასტრაზენეკას" შემთხვევაში ბუსტერდოზა კეთდება ვაქცინის მეორე დოზიდან 5 თვეში, "სინოფარმისა" და "სინოვაკის" შემთხვევაში 3 თვეში.
თამარ გაბუნიას თქმით, ბუსტერდოზების გაკეთების ვადის შემცირებაზე ცვლილება შესაბამის ბრძანებაში შევა, რომელიც 27 იანვრიდან ამოქმედდება.