ბუნებრივი ვენტილაცია, მეტი ჟანგბადი და D ვიტამინი - რას გთავაზობთ ღია სავარჯიშო სივრცე "სექტორი 27"
გარე სივრცეში, ცხადია, ადამიანები აქამდეც ვარჯიშობდნენ, თუმცა პროფესიონალი სპორტსმენის ინიციატივით, პანდემიისას აქტივობამ უფრო ორგანიზებული და საქმიანი ფორმა მიიღო - ერთგვარ ღია სავარჯიშო დარბაზად ჩამოყალიბდა.
„სექტორი 27“ - ასე ეწოდა წამოწყებას, რომელიც მომხმარებელს ვარჯიშის განსხვავებული კონცეფციის გარდა, ბუნებრივი ვენტილაციის, მეტი ჟანგბადის და D ვიტამინის ბონუს შეთავაზებებითაც ხიბლავს.
"დიდი ხანი არ არის, რაც საზღვარგარეთიდან დავბრუნდი და მივხვდი, რომ საქართველოში კლიმატური პირობები იდეალურია გარეთ სავარჯიშოდ, წელიწადში 10-11 თვე მაინცაა ამისთვის ხელსაყრელი. გარდა ამისა, უდიდესი სურვილი მქონდა და მაქვს, ჯანსაღი ცხოვრების წესს უფრო მეტი მიმდევარი ჰყავდეს და სპორტის კულტურა უფრო გაძლიერდეს ჩვენს ქვეყანაში. თავიდან დავიწყე მინივენით, რომლითაც ინვენტარი გადამქონდა და სხვადასხვა პარკსა თუ ტბის პირას ვავარჯიშებდი დაინტრესებულ ადამიანებს, საბოლოოდ კი მიხეილ მესხის სახელობის საფეხბურთო მოედნის მიმდებარედ, 27-ე სექტორში მოვაწყვეთ ჩვენი კუთხე, თუმცა ღია ვარჯიშებისთვის სხვა ლოკაციებსაც აქტიურად ვიყენებთ,“ - საუბრობს „ბიზნესპარტნიორთან“ „სექტორ 27-ის“ დამფუძნებელი, ლაშა როინიშვილი.
მიუხედავად პანდემიით გამოწვეული კრიზისისა, დამფუძნებელმა შეთავაზებების პრემიუმ სეგმენტზე გათვლა გადაწყვიტა. საქმიანობის მიმართ ინტერესი თვიდან თვემდე მზარდი აღმოჩნდა, შესაბამისად, მიზერული ინვესტიციით წამოწყებული საქმე, ერთი წლის თავზე, საკმაოდ მომგებიანი აღმოჩნდა. გარდა კომერციული შეთავაზებებისა, გუნდს ერთგვარი სოციალური პროექტებიც აქვს:
"ყოველ შაბთათს ნებისმერი ასაკის ადამიანისთვის უფასო ღია ვარჯიშებს ვაწყობთ და ნებისმიერ მსურველს ვაძლევთ შესაძლებლობას, პროფესიონალებთან ერთად, მათი მეთვალყურეობის ქვეშ დაკავდნენ სპორტული აქტივობით. კვირას კი კინგ-ბოქსინგში, დავით ქირია, მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი სპორტმენი, "გლორის" ქამრის მფლობელი ატარებს ასევე უფასო ვარჯიშებს ბავშვებისთვის," - აცხადებს ლაშა როინიშვილი.
სამომავლო გეგმებიდან უახლოესი მზიურის პარკში სავარჯიშო სივრცის მოწყობაა. განვითარება ასევე მოიაზრებს ქალაქის ფარგლებს გართ გასვლასაც - ბათუმი და ქუთაისი სავარაუდო ლოკაციებია, სადაც „სექტორი 27“ უახლოეს მომავლში იქნება წარმოდგენილი.