Black Sea Arena კონცერტებს ღია სივრცეშიც უმასპინძლებს
Black Sea Arena კონცერტებს ღია სივრცეში, Front Stage-ზე უმასპინძლებს, სადაც მსმენელის წინაშე პირველად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფრანგული ბენდი L’Imperatrice წარსდგება.
"გადავწყვიტეთ არტისტებისთვის, რომელთა მუსიკა ღია სივრცის თავისუფალ გარემოს ყველაზე მეტად უხდება, ახალ სცენაზე გვემასპინძლა, ასე დაიბადა Black Sea Arena-ის ეზოში Front Stage-ის აშენების იდეა," – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
Black Sea Arena-ს წარმომადგენელმა "ბიზნესპარტნიორს" განუცხადა, რომ არენაზე არსებული ტექნიკური აღჭურვილობა მოქნილად გამოყენების საშუალებას იძლევა, შესაბამისად, საჭიროებისამებრ სცენა მოეწყობა არენას ეზოში და არა შიგნით.
"ახალი აღჭურვილობა არ დაგვჭირვებია და დამატებითი ინვესტიციის საჭიროება არ შექმნილა. სცენა კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე აეწყობა ხოლმე. რაც შეეხება დამსწრეთა რაოდენობას, ეზო დაახლოებით 5000–მდე ადამიანის დატევის შესაძლებლობას იძლევა," – აღნიშნავს Black Sea Arena-ს წარმომადგენელი.
ფრანგული ბენდი L’Imperatrice 2012 წელს ჩამოყალიბდა, მსოფლიო აუდიტორიის ყურადღების ცენტრში კი 2018 წელს პირველი ალბომის, Matahari-ის გამოცემის შემდეგ მოექცა. ბენდის მეორე ალბომის Tako Tsubo–ს ტურის ტურის ფარგლებში L’Imperatrice მსოფლიოში უდიდეს მუსიკალურ ღონისძიებებს სტუმრობს, ბენდი Coachella-ს აუდიტორიის წინაშე სულ რამდენიმე დღის წინ წარსდგა. ახლა კი Tako Tsubo-ს ტურის ფარგლებში L’Imperatrice Black Sea Arena-ის ეზოში, Front Stage-ზე 15 აგვისტოს წარდგება.