ბიძინა კულუმბეგოვი: ფილერის შემთხვევაში შეშუპება მილიონიდან შესაძლოა 5 ადამიანს დაუფქსირდეს
ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ფილერი კოვიდვაქცინაციაზე უარის თქმის საფუძველი არ უნდა გახდეს.
როგორც ბიძინა კულუმბეგოვი “ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ფილერის შემთხვევაში, ვაქცინის შემდეგ, მილიონში 5 ადამიანს შეიძლება შეშუპება დაუფიქსირდეს, რის შემდეგაც დაუნიშნავენ მედიკამენტს და 2-3 დღეში შეშუპებაც გაივლის.
მისი თქმით, ფილერის მსგავსად გაფრთხილება არ ეხება ბოტოქსს და ტატუს.
“დაავადებათა კონტროლის ამერიკული ცენტრი რამდენიმე თვეა აფრთხილებს, რომ კავშირი გრიპის ვაქცინაზეც ფიქსირდებოდა, წლების წინაც კი, მაგრამ უკიდურესაც იშვიათ მოვლენად აღირიცხება. თუმცა, იქვე წერია, თუ სხვა წინააღმდეგი ჩვენება არ გაქვს ვაქცინის, ორგანიზმში ფილერის არსებობა არავითარ წინააღმდეგობას არ წარმოადგენს. უბრალოდ აფრთხილებს, რომ შეიძლება იშვიათად, მილიონიდან 5 ადამიანის შემთხვევაში დაფიქსირდეს შეშუპება. ასეთ შემთხვევაში ადამიანი უკავშირდება მას, ვინც ვაქცინა გაუკეთა ან ალერგოლოგს, გამოუწერენ წამალს, რომელიც 2-3 დღით ინიშნება და ქრება ეს შეშუპება. მეტი გართულება არ იქნება და ამის გამო კოვიდვაქცინაზე უარი არ უნდა ვთქვათ“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ “ფაიზერით“ ვაქცინაციის წინმსწრებ კითხვარს 1 კითხვა დაემატა - აქვს თუ არა გაკეთებული ფილერი.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ადამიანს ფილერი აქვს გაკეთებული, “ფაიზერით“ ვაქცინაციის შემდეგ, შესაძლოა ადგილობრივი გართულება დაფიქსირდეს, რასაც შემდგომში მკურნალობა დასჭირდება.