საზოგადოება
30/11/2021

ბაზრობებზე სალარო აპარატის გამოყენება 2023 წლიდან სავალდებულო გახდება

ბაზრობებზე სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება 1 წლით გადავადდა. ცვლილება "საგადასახადო კოდექსში" შედის. კანონპროექტი პარლამენტშია ინიცირებული. 

მოქმედი კანონმდებლობით, ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებული ფიზიკური პირი 2022 წლის 1-ელი იანვრიდან ვალდებული ხდებოდა, საქონლის მიწოდებისას გამოეყენებინა საკონტროლო სალარო აპარატი. თუმცა, როგორც განმარტებით ბარათში წერია, აღნიშნულ ვადაში საჭირო იყო გარკვეული მომზადება და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება. ქვეყანაში გლობალური პანდემიიდან გამომდინარე შექმნილმა მდგომარეობამ, აღნიშნული სამუშაოების ჩატარებისათვის მოითხოვა დამატებითი დრო და შესაბამისად აუცილებელი გახდა კანონის ამოქმედების ვადის 2023 წლის 1-ელ იანვრამდე გადაწევა. 

"კანონპროექტის მიღების შედეგად, მოვაჭრეებს მიეცემათ დრო და შესაძლებლობა, სამუშაო ადგილების დაკარგვის გარეშე უმტკივნეულოდ უპასუხონ საგადასახადო კოდექსის ახალ მოთხოვნებს სალარო აპარატების გამოყენებასთან დაკავშირებით", - აღნიშნულია განმარტებით ბარათში. 

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის დეპუტატები დავით სონღულაშვილი, ნინო წილოსანი, ეკა სეფაშვილი, ისკო დასენი, ელგუჯა გოცირიძე, გოჩა ენუქიძე, ბეჟან წაქაძე.