ბაჩო თორთლაძე: არის მოლოდინი, აშშ-საქართველოს შორის ორმხრივი პარტნიორობა გაღრმავდება
ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მკვლევარი, ბაჩო თორთლაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტს აფასებს. მკვლევარი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ მაიკ პომპეოს ჩამოსვლა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების ერთგვარი სიგნალია.
„შეერთებული შტატების მოქმედი სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. აბსოლუტურად ახალი გეოპოლიტიკური კონიუნქტურა იქმნება, რაც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით ახალ შესაძლებლობებს აჩენს.
უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კომპონენტები ერთმანეთთან საკმაოდ მჭიდროდ არის დაკავშირებული. შექმნილი რეალობა აჩენს იმის მოლოდინს, რომ შტატები კიდევ უფრო გაარღმავებს საქართველოსთან ორმხრივი პარტნიორობის ურთიერთობას. ხარისხობრივად გაიზრდება, შეიცვლება და საერთოდ სხვა დონეზე გადავა სტრატეგიული თანამშრომლობა, რაც თავის მხრივ დაეხმარება ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, ვინაიდან, საინვესტიციო პროგრამების შექმნა, ან წახალისება, ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური სარგებელი.
ეს უსაფრთხოების კომპონენტთანაც არის დაკავშირებული. ამ თვალსაზრისით საინტერესოა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და აშშ-ში საქართველოს საელჩოს მიერ წარმოებული მოლაპარაკებები პირდაპირი ავიამიმოსვლის გახსნასთან დაკავშირებით. ვინაიდან, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წასახალისებლად. არებული თანამშრომლობის ჩარჩოები როგორიც არის სტრატეგიული ქარტია, ინვესტიციებისა და ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, იძლევა საკმარის საფუძელს, რომ არსებულ სამართლებრივ ჩარჩოშიც საქართველო ამერიკისთვის საინვესტიციოდ კიდევ უფრო განვითარდეს და მიმზიდველი გახდეს“,- განაცხადა ბაჩო თორთლაძემ.