საზოგადოება
17/06/2020

ავტობუსებზე ველოსიპედების სამაგრები დამონტაჟდება

ველოსიპედის მფლობელებს თბილისის მერია სიახლეს სთავაზობს. მუნიციპალურ ავტობუსებზე იგეგმება ველოსიპედების სამაგრების დამონტაჟება.

თბილისის მერმა მოადგილე მაია ბითაძეს დაავალა, რომ მოიკვლიოს ავტობუსებზე ველოსიპედების დამაგრების საკითხი და პროექტის განხორციელება ეტაპობრივად დაიწყოს.   

„დედაქალაქში ველოსიპედი ძალიან პოპულარული ხდება, ჰყავს ბევრი მომხმარებელი. იცით, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ველოსიპედის ატანა აკრძალულია. შესაბამისად, გვინდა საუკეთესო ქალაქების მაგალითები გადმოვიტანოთ. ყველა განვითარებულ ქალაქში არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, წინ ან უკანა მხარეს სპეციალური სამაგრების საშუალებით, ველოსიპედები დაუმაგრდეს. ადამიანი, რომელიც ველოსიპედით მოძრაობს, დაამაგრებს ავტობუსზე, ავა ტრანსპორტში და A პუნქტიდან B პუნქტში გადაადგილებას შეძლებს. მინდა, მაია ბითაძეს დავავალო, რომ მოიკვლიოს აღნიშნული საკითხი და ავტობუსებზე მათი დამაგრება ეტაპობრივად დავიწყოთ, რათა ველოსიპედით მოსარგებლე მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უპრობლემოდ შეეძლოთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

Businesspartner