საზოგადოება
13/04/2022

ასოციაცია: ფარმაცევტული კომპანიისა და სამედიცინო პერსონალის ურთიერთობის წესია შემოსაღები

"ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაცია" წამლის რეცეპტის გამოწერის წესის შეცვლას ნაადრევად მიიჩნევს. კერძოდ საუბარია, რეცეპტის გამოწერაზე, რომელიც მხოლოდ ჯენერიკული დასახელებით მოხდება. 

როგორც ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი მარგველაშვილი "ბიზნესპარტნიორის" გადაცემაში ამბობს, ამ პროცესში შემოსაღებია წესი, რომელიც ფარმაცევტული კომპანიისა და სამედიცინო პერსონალის ურთიერთობას დაარეგულირებს.  

"ახალი წესის შემოღება, ტექნიკურად ფარმაცევტებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. 4 000-მდე მედიკამენტი შევიდა იმ სიაში, რომელიც შეიძლება შესთავაზოს ამ პროცედურის ფარგლებში. 

ჩვენ გვიჩნდება კითხვა, ხომ არ მოხდება ამ პროცესის შედეგად ფარმაცევტზე პასუხისმგებლობის გადასვლა მკურნალობის შედეგებთან დაკავშირებით. მკურნალობის შედეგში მნიშვნელოვანია, რა წამალს მოიხმარს, 2 ერთნაირი წამალი კი არ არსებობს.

ჩვენ გვჭირდება რეგულაცია, გარკვეული წესი, რომელიც ფარმაცევტულ კომპანიასა და სამედიცინო პერსონალს შორის ურთიერთობას დაარეგულირებს. თუ ასეთი წესი არ იქნება შემოღებული, რომელიც ბევრ ქვეყანაშია აპრობირებული, მხოლოდ ეს ზომა სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს. 

ასეთი ტიპის გამოწერა, მხოლოდ აქტიური ნივთიერებით, არ არის ევროპის ყველა ქვეყანაში. ევროპის ნახევარზე მეტ ქვეყანაში გრძელდება ბრენდის გამოწერა. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა ნაკლები თანხა დახარჯონ. მაგრამ, ზოგი ჯენერიკული ბრენდზეც უფრო ძვირი ღირს", - აღნიშნა ირაკლი მარგველაშვილმა. 

მისი თქმით, იმისათვის, რომ აფთიაქში სწორი მედიკამენტი შესთავაზონ, მედიკამენტების "პოზიტიური სია" კიდევ უფრო გასაფილტრია. 

"ეს ფილტრი საკმარისი არ არის, კიდევ უნდა გაიაროს მეტი ხარისხობრივი ფილტრი. ამაზე მუშაობა მიმინარეობს. 2-3 კვირს განმავლობაში შემდეგ ეტაპზე გადავალთ", - განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა. 

შეგახსენებთ, რეცეპტის გამოწერის წესი 11 აპრილს შეიცვალა. ექიმი ვალდებულია, წამალი მხოლოდ გენერიკული, ანუ საერთაშორისო დასახელებით გამოწეროს და არა კონკრეტული მწარმოებლის ბრენდის მიხედვით.