საზოგადოება
22/09/2021

ასაკოვანი ადამიანები მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრებით უფასოდ ისარგებლებენ

თბილისის მერია დაიწყებს პროგრამას "60+", რომელიც ითვალისწინებს 60 წლის და ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის სკვერებში შესაბამისი სივრცის შექმნას. 

"ამ სივრცეს გამოიყენებენ იმისთვის, რომ შეიკრიბონ, ითამაშონ დომინო, ნარდი, ასევე იმისთვის, რომ განსაზღვრონ თავიანთ უბნებში რა პროექტები უნდა განხორციელდეს, რომელს უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი",- აღნიშნა კახა კალაძემ. 

გარდა ამისა, თბილისის მერის თქმით, 60 წლის და ზემოთ ასაკის ადამიანები უფასოდ ისარგებლებენ მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული სპორტული ცენტრებით - საცურაო აუზებით, დარბაზებით, ტრენაჟორებით. ამისთვის, სპეციალური საათები გამოიყოფა. 

"კონკრეტული დრო და საათები იქნება მითითებული, როდესაც საშუალება ექნებათ, ყოველგვარი გადასახადის გარეშე ისარგებლონ",- განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მართვისა და ეკონომიკის პროგრამის პრეზენტაციაზე.