საზოგადოება
16/11/2021

ამირან გამყრელიძე: ვაქცინაციის დინამიკა ოდნავ გაუმჯობესდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შეფასებით, წამახალისებელმა ღონისძიებებმა დადებითად იმოქმედა და ვაქცინაციის დინამიკა ოდნავ გაუმჯობესდა. 

მისი თქმით, გაიზდილია ვაქცინირებული ასაკოვანი ადამიანების რაოდენობაც. 

"აცრების დინამიკა ოდნავ გაუმჯობესებულია ბოლო კვირის განმავლობაში. იმატებს 60 წელს ზემოთ ასაკის პირების აცრის რაოდენობა. ბოლო 1 კვირის განმავლობაში აცრილია 12 000-ზე მეტი ასაკოვანი პირი. წამახალისებელმა ღონისძიებებმა ცოტა უკვე იმოქმედა, მაგრამ 1 კვირა ამისთვის მცირეა, უნდა დავაკვირდეთ, თუმცა მე მაინც იმედი მაქვს, რომ მეტად გაიზრდება ხანდაზმულთა აცრის მაჩვენებელი", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ და აქვე დასძინა, რომ ქვეყანაში არსებულ რთულ ეპიდსიტუაციას მხოლოდ ვაქცინა შეაჩერებს. 

ინფორმაციისთვის, პენსიონერი, რომელიც 1-ელ იანვრამდე კოვიდვაქცინას გაიკეთებს, ერთჯერად 200 ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებს. გარდა ამისა, ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისთვის მოქმედებს წამახალისებელი ლატარია "აიცერი და მოიგე".