საზოგადოება
26/10/2021

ამირან გამყრელიძე ვაქცინაციაზე: ვაღიარებ, უფრო ძლიერი კამპანია უნდა ყოფილიყო 

ბოლო პერიოდში ვაქცინაციის ტემპი შემცირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შეფასებით კი, ეპიდვითარების გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია ვაქცინაციის ზრდასთან. 

მისი თქმით, ყველაზე მეტი აცრილი თბილისშია, ყველაზე დაბალი მოცვის მაჩვენებელი კი, ქვემო ქართლშია. 

"თუ ჩვენ მოვახერხეთ და ვაქცინაციის მაჩვენებელი ავწიეთ, როგორც გვქონდა აგვისტო-სექტემბერში, ეპიდვითარება დასტაბილურდება. განსაკუთრებით დავწევთ ქვევით ყველაზე მძიმე მაჩვენებელს, როგორიცაა სიკვდილიანობა. ჩვენ მოგვიწევს თანაცხოვრება კოვიდინფექციასთან, რომელიც ლეტალურ გამოსავლებს აღარ მოგვიტანს, ან იქნება მინიმალური რაოდენობა", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. 

ამირან გამყრელიძის თქმით, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე დამატებით შემზღუდავ ღონისძიებებთან დაკავშირებით მსჯელობა არ ყოფილა. 

"საკოორდინაციო საბჭოზე მიმდინარეობს აქტიური მსჯელობა ვაქცინაციის ყოველმხრივ გააქტიურებასთან დაკავშირებით", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. 

ამირან გამყრელიძე სავალდებულო ვაქცინაციას ემხრობა, თუმცა ამბობს, რომ ეს რთულად მისაღები გადაწყვეტილებაა. 

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დისკუსია ე.წ. მწვანე ბარათებთან დაკავშირებით, როგორი ტიპის უნდა იყოს ის. 

"გიდასტურებთ, რომ წარვადგინეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის პაკეტი, რომელიც უნდა განიხილოს საკოორდინაციო საბჭოს შესაბამისმა სამდივნომ და შემდეგ დაბალანსებული გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული", - აცხადებს ამირან გამყრელიძე. 

ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ნებაყოფლობით და წამახალისებელი ღონისძიებებით მოსახლეობის მაქსიმუმ 40% აიცრება. 

"ამის ზევით რომ ავიდეთ, ჩვენ დაგვჭირდება ირიბი მანდატორიზმის მექანიზმების შემოტანა", - აცხადებს ამირან გამყრელიძე. 

მან აქვე დასძინა, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით საკომუნიკაციო კამპანია უფრო ძლიერი უნდა ყოფილიყო. 

"როცა მეკითხებიან რა დავაკელით, ვაღიარებ, დავაკელით, საკომუნიკაციო კამპანია კიდევ უფრო ძლიერი და აგრესიული უნდა ყოფილიყო. მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.