ამირან გამყრელიძე ვაქცინაციაზე: წლევანდელ გეგმას ვერ შევასრულებთ
ჯანდაცვის სექტორი გეგმავდა, რომ წელს მოსახლეობის 60% ყოფილიყო კოვიდვაქცინირებული. თუმცა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ 60%-ის ნაცვლად 40% იქნება ორჯერადად აცრილი.
"გიდასტურებთ, წლევანდელ გეგმას ვერ შევასრულებთ. ახლა იწერება გეგმის განახლება, რითაც ახალი სამიზნე იქნება ივლისისთვის 70%-ზე ასვლა. ყველაზე მთავარია, 60 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში გვქონდეს 90%-იანი მოცვა", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
რატომ ვერ სრულდება წლის ბოლომდე გეგმა, ამირან გამყრელიძის თქმით, ამის რამდენიმე მიზეზია, მათ შორის მოსახლეობასთან არასაკმარისი კომუნიკაცია, აგრეთვე განათლების საშუალო დონის პრობლემები.
"ერთი მიზეზი არ არის, ბევრია და ეს სამსჯელოა, განსახილველია. პირველი, დავაკელით და აქ ჩემს თავსაც ვგულისხმობ, მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, მეორე, სამწუხაროდ ჩვენი საერთო თვითშეგნება და განათლების საშუალო დონის პრობლემები. ვიცი, ამაზე ბევრს მაკრიტიკებენ და გამაკრიტიკებთ, მაგრამ ფაქტი სახეზეა. მესამე, ის პოლარიზაცია, რაც მიმდინარეობს ქვეყანაში, სრული ეს ორი წელი ირყევა ქვეყანა ყველანაირად. პოლარიზაცია სერიოზულად მოქმედებს პანდემიის მართვასთან და მათ შორის იმუნიზაციის პროცესთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.