ამირან გამყრელიძე: Sinopharm-ით 70 მლნ ადამიანია აცრილი, კვლევები კარგ შედეგს აჩვენებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით ჩინური Sinopharm და Sinovac დიდი ალბათობით ჯანდაცვის მსფოლიო ორგანიზაციის მხრიდან მალე მიიღებენ ავტორიზაციას.
ამასთან, მისი თქმით, საქართველოს კანონმდებლობაში არის ჩანაწერი, რომლის თანახმადაც ქვეყანაში მკაცრი მარეგულირებლების მხრიდან აღიარებული ვაქცინის შემოტანა შესაძლებელია.
“ამ შემთხვევაში იგულისხმება ევროკავშირის მარეგულირებლები, მათ შორისაა უნგრეთის მარეგულირებელი.
Sinopharm ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაქცინაა დღეს მსოფლიოში. ამ ვაქცინით აცრილია დაახლოებით სულ მცირე 70 მილიონი ადამიანი, მათ შორის ჩინეთში, სერბეთში, უნგრეთში, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში. სხვადასხვა კვლევებით კარგი შედეგებით ხასიათდება. ჩინეთი ბიოტექნოლოგიური თვალსაზრისით ერთ-ერთი განვითარებული ქვეყანაა. 5 ვაქცინა აქვს მას, 2 უკვე გამოყენებაშია ჩინეთს გარეთ დაახლოებით 40-მდე ქვეყანაში, ასევე ჩინეთს აქვს დამატებით 3 ვაქცინა, რომელსაც თვითონ იყენებენ“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ინფორმაციისთვის, დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დაანონსა, რომ მომდევნო კვირიდან საქართველოში ჩინური ვაქცინის შემოტანა იგეგმება, რომელიც უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან აღიარებულია. ამ ეტაპზე საქართველოში “ასტრაზენეკას“ და “ფაიზერის“ ვაქცინებია შემოსული.