საზოგადოება
26/10/2021
ამირან გამყრელიძე: სავალდებულო ვაქცინაცია საკმაოდ რთული გადაწყვეტილებაა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სავალდებულო ვაქცინაციის საჭიროებას ხედავს.
ამირან გამრყრელიძემ განაცხადა, რომ საკითხზე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დამუშავებული პაკეტი დღეს საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოში წარადგინა, ის ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად განიხილება.
“ეს არის სრული პაკეტი ე.წ მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით და ვნახოთ როგორი იქნება გადაწყვეტილება. ვფიქრობ, სავალდებულო ვაქცინაცია საკმაოდ რთული გადაწყვეტილებაა და ამას ყოველთვის ვამბობდი. მე როგორც ერთი ექიმი, ვემხრობი სავალდებულო ვაქცინაციას. ახლა მიდის მსჯელობა თუ როგორი ტიპის მწვანე პასპორტების სისტემის ჩარჩო უნდა იყოს ქვეყანაში შემოღებული.
იმუნიზაციის პროცესში, სხვა ქვეყნების მაგალითებსაც თუ გადავხედავთ, იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც მაგალითად ისრაელი გაჩერდა 58%-ზე და ზემოთ ვეღარ ასწია მაჩვენებელი, სანამ გარკვეული დამატებითი ბერკეტები არ შემოიღო. ზოგიერთი ქვეყანა 40%-ზე და ა.შ. ჩვენ სამწუხაროდ ვჩერდებით 32%-ზე, ამიტომ დაგვჭირდება ირიბი მანდატორიზმის მექანიზმების შემოტანა,” – აღნიშნავს გამყრელიძე.