ამირან გამყრელიძე: რეინფიცირების მაჩვენებელი იზრდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ისვევე როგორც მსოფლიოში, აგრეთვე საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების მაჩვენებელი იზრდება.
მისი თქმით, ვირუსი განიცდის მუტაციას და ბევრი სხვადასხვა შტამი ცირკულირებს. წამყვანია ბრიტანული შტამი.
“სამწუხაროდ ასე არ არის, რომ მე თუ გადავიტანდი ინფექციას, მეორედ გარანტირებულად აღარ შემხვდება. ბევრი სხვადასხვა შტამი ცირკულირებს. წამყვანია ბრიტანული შტამი, ჩვენთანაც და ევროპაშიც, ამის გამო რეინფიცირების შემთხვევები თანდათან იზრდება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ეპიდსიტუაცია უარესდება, შესაბამისად აუცილებელია დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლი. განსაკუთრებით ეს ეხება ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვას, პირბადის ტარებას, რომლის მაჩვენებელიც 50%-ია, აგრეთვე დიდი შეკრებების აკრძალვას.
რაც შეეხება 4-11 მაისს გამოცხადებულ უქმე დღეებს, ამირან გამყრელიძის თქმით, რა მასშტაბის და რა ფორმატის იქნება ეს, საკოორდინაციო საბჭო აპრილის მონაცემებს დააკვირდება და გადაწყვეტილებას შემდეგ მიიღებს.