ამირან გამყრელიძე: რეგიონებში ისევ იმართება ქორწილები და ქელეხები - ეპიდსიტუაცია უარესდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ბოლო 2 კვირაში ეპიდსიტუაცია უარესდება.
მან მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა კორონავირუსის მესამე ტალღას ვერ აცდება.
“არავის ვაშინებ, დღევანდელი ეპიდსიტუაცია მაგონებს იმას, რაც გვქონდა სექტემბრის ბოლოს. თუ ჩვენ არ დავიცავთ, რეკომენდაციებს, არ არის გამორიცხული, შევიდეთ მესამე ტალღაში.
კლასტერული შემთხვევების ტენდენცია გამოჩნდა, რომელიც პირველი ნიშანია, რომ განგაშის ზარი შემოკრა. მცირე ეპიდაფეთქებებია “აჭარა ტექსტილში“, კასპის რაიონში, ცაგერში, იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში ჯგუფური შემთხვევები გვაქვს. ისევ მოვეშვით, ისევ განსაკუთრებით რაიონებში იმართება დიდი თავყრილობები, ქორწილები, ქელეხები, ეს არის ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორი ინფექციის გავრცელების. მარტის მრუდი ჯერჯერობით საკმაოდ კარგი მაჩვენებლით გვაქვს, ამიტომ გვინდა, მარტის მრუდი შევინარჩუნოთ აპრილშიც და მაისის პირველ ნახევარშიც. თუ ჩვენ ამას ერთობლივად შევძლებთ და ამის ერთადერთი იარაღი გახლავთ რეკომენდაციების დაცვა, მაშინ ჩვენ მაისის მეორე ნახევრიდან იმის იმედით ვიქნებით, რომ მესამე ტალღას ავცდებით. რეკომენდაციებს თუ არ დავიცავთ, სიტუაცია გაუარესდება,“ - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.