ამირან გამყრელიძე: პიკს აპრილის ბოლოდან ველოდებით, თუმცა ეს “დამანგრეველი“ არ იქნება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის პიკი აპრილის ბოლოს, მაისის პირველ ორ კვირაშია მოსალოდნელი.
თუმცა, მისი თქმით, ის ისეთივე “დამანგრეველი“ არ იქნება, როგორც ნოემბერ-დეკემბერში.
“ვფიქრობ, ეს პიკი ნოემბერ-დეკემბრის მსგავსად, მრავალი ფაქტორის გამო, დრამატული არ იქნება. მოსახლეობის ნაწილს ინფექცია უკვე გადატანილი აქვს, ასეთია დაახლოებით 600 000-დან 650 000-მდე ადამიანი. ოფიციალურად დადასტურებულია 299 000 შემთხვევა, მაგრამ, ვანგარიშობთ ორჯერ მეტს, რადგან ქვეყანაში ვირუსი გადატანილი აქვთ უსიმპტომოდ, ან მცირეოდენი სიმპტომით, თუმცა ეს ე.წ. საზოგადოებრივი იმუნიტეტისთვის საკმარისი არ არის. ამავე დროს, ცოტა უკვე აცრილია. მესამე ფაქტორი - ნოემბერ -დეკემბერში ჩვენ ვიყავით აღმავალ ტალღაზე, ცივ პერიოდში, რომელიც რესპირაციული ვირუსებისთვის კომფორტული პერიოდია. ახლა ჩვენ თბილ პერიოდში შევდივართ. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ მზის სხივი კორონავირუსზე დამთრგუნველად მოქმედებს. შესაბამისად ველოდებით, რომ ეს პიკი იქნება უფრო რბილი და არა ისეთი დამანგრეველი“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.