საზოგადოება
18/11/2021

ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში რთული ეპიდსიტუაციაა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შეფასებით, ქვეყანაში რთული ეპიდვითარებაა. 

მისი თქმით, ყოველდღიურად კორონავირუსის 5000-მდე ახალი შემთხვევა დასტურდება, რაც საქართველოსთვის ძალიან მაღალი მაჩვენებელია. 

"ყველაზე მძიმე ინდიკატორი, რაც დაკავშირებულია სიკვდილიანობასთან, ისევ მაღალია. ბოლო 10 დღის განმავლობაში, ყოველდღიურად 70-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალება გვაქვს კოვიდით. ეპიდსიტუაცია საკმაოდ რთულია, მის კიდევ უფრო გაუარესებას ვაქცინაციის და რეგულაციების დაცვის გარდა არაფერი შეაჩერებს. რეგულაციებში ყველაზე მნიშვნელოვანია პირბადის ტარება ყველგან - დახურულ და ღია სივრცეში. მისი ტარების მაჩვენებელი 37%-ზეა ჩამოსული. თუ პირბადის ტარების მაჩვენებელს 90%-მდე ავიყვანთ, პირველ იანვრამდე შეიძლება 200 ადამიანის სიცოცხლე დავზოგოთ. თუ აცრის მაჩვენებელს გავზრდით სერიოზულად შევამცირებთ და შევაკავებთ ეპიდემიის შემდგომ გავრცელებას. 500 აცრილი ადამიანი არის 1 გადარჩენილი სიცოცხლე. ბოლო დღეებში ყოველდღიურად აცრების რაოდენობა გაზრდილია, დღესაც დაახლოებით 7 300-ის ფარგლებში იყო აცრილი ადამიანების რაოდენობა, გაზრდილია პირველი დოზით აცრის მაჩვენებელიც. წამახალისებელმა ინიციატივებმა როგორც ჩანს, იმუშავა. ველით, რომ ვაქცინაცია კიდევ უფრო მეტად გააქტიურდება", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. 

მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 60 წლის ზემოთ ასაკის პირების ვაქცინაცია, რადგან კოვიდით სიკვდილიანობის 85% ასაკოვან მოსახლეობაში ფიქსირდება. 

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში დაახლოებით 790 000 ასაკოვანი ადამიანია, მათ შორის აცრილია 300 000-მდე.