საზოგადოება
09/02/2021

ამირან გამყრელიძე: კოვიდვაქცინის მწარმოებლები კერძო სექტორს ჯერ არ ესაუბრებიან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მომხრეა, თუ ვაქცინაციაში კერძო სექტორი ჩაერთვება.

თუმცა, მისი თქმით, ამ ეტაპზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დიდი მწარმოებლები ჯერ კერძო სექტორს არ ესაუბრებიან.

„სახელმწიფო ძალიან დადებითად უყურებს, თუ კერძო სექტორი ვაქცინაციაში ჩაერთვება. ზოგადად ქვეყანაში ჩატარებული ვაქცინის 97%-98% მოდის სახელმწიფოს ხარჯზე. რაც შეეხება კოვიდს, პირიქით, ჩვენ ვესაუბრებით კერძო სექტორს, თუ აქვთ საშუალება. მაგრამ, მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, თვითონ მწარმოებლები ჯერჯერობით კერძო სექტორს არ ესაუბრებიან და არ უდებენ კონტრაქტს ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით. ჩემი პირადი გათვლაა, რომ კერძო გააქტივება ალბათ მაისი, ივნისის შემდეგ დაიწყება“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, როგორც მან განმარტა, წამლის და ვაქცინების წარმოებაში დაახლოებით 10% ფალსიფიცირებულია. შესაბამისად, ქვეყანა ამ ეტაპზე ფრთხილად უნდა იყოს.

„წამლის მსოფლიო ბრუნვა არის დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარი, იქიდან 100 მილიარდ დოლარამდე გახლავთ ფალსიფიცირება, ამიტომ როდესაც ასეთი ე.წ. ემერჯენსი სიტუაციაა, რა თქმა უნდა ძალიან დიდია ცდუნება, ფალსიფიცირების, რაც უკვე გამოჩნდა. მაგალითად, ჩინეთში დააპატიმრეს, ახლო აღმოსავლეთშიც არის მთელი რიგი საქმეები, სადაც თაღლითები ცდილობენ, რომ ფალსიფიცირებული გაასაღონ. ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო. საქმეს ვიჭერთ ძირითადად სახელმწიფოებთან და მწარმოებლებთან“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Businesspartner