საზოგადოება
16/03/2021

ამირან გამყრელიძე: გვერდითი ეფექტი ვაქცინასაც აქვს, თუმცა სარგებელი 1000-ჯერ მეტია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, გვერდითი მოვლენა არა მხოლოდ ვაქცინას, არამედ ნებისმიერ წამალს შეიძლება ჰქონდეს, აგრეთვე ნებისმიერ ნივთიერებას, მათ შორის წყალს.

თუმცა, მისი თქმით, კოვიდვაქცინაციის სარგებელი უფრო მეტია, ვიდრე რისკი.

“გვერდითი მოვლენა აქვს ყველა წამალს და ყველა ნივთიერებას, წყალმაც კი შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტი. ვაქცინასაც აქვს გვერდითი ეფექტი, მაგრამ სარგებელი 1000 ჯერ მეტია, ვიდრე მისი გვერდითი მოქმედება.

მსოფლიოში დაახლოებით 359 მილიონი ადამიანია აცრილი, აცრის შემდგომი გართულებით არცერთი ფატალური შედეგი არ არის“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, საქართველოში კოლექტიური იმუნიტეტი რომ ჩამოყალიბდეს, მოზრდილი მოსახლეობის 60% უნდა აიცრას. ვაქცინა არ გაუკეთდება ბავშვებს და ორსულებს, რადგან ამ სეგმენტში კლინიკური კვლევები არ არის ჩატარებული.

„ქვეყანაში დაახლოებით 3.8 მილიონი მოზრდილი მოსახლეობაა, მისი 60% კი, 1 700 000 ადამიანია. თუ წელს მოსახლეობის ამ ნაწილს ავცრით, გარანტირებულად გეტყვით, რომ ქვეყანაში ეპიდემიას დავასრულებთ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

Businesspartner