ამირან გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია უარესდება, ვაქცინაციის ტემპი უნდა დავაჩქაროთ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, გლობალურად ეპიდსიტუაცია უარესდება. შესაბამისად, ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი უნდა დაჩქარდეს.
მისი თქმით, კაცობრიობის კოვიდდამარცხების გზა გადის ვაქცინაზე და მასობრივ იმუნიზაციაზე.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს “ევროპის იმუნიზაციის კვირეული“ იწყება, რომლის მთავარი სლოგანია “ვაქცინაცია გვაახლოვებს უფრო სამართლიან სამყაროსთან, მეგობრებთან, ოჯახთან, პანდემიისგან თავისუფალ სამყაროსთან“.
“ვაქცინაცია გვაახლოვებს მეგობრებთან, რადგან პანდემიის პერიოდში მათ დავშორდით და იზოლირებულები ვართ. ვაქცინა გვაახლოვებს პანდემიისგან თავისუფალ სამყაროსთან. იცით, რომ უკვე აქტიურდება მოგზაურობის პროცესები მათთვის, ვინც ორჯერადად, ანუ სრულად არიან ვაქცინირებულები. ვაქცინაცია გვაახლოვებს ოჯახთან - კოვიდის პრევენციის ერთ-ერთი მთავარი მეთოდი გახლავთ იზოლირება ადამიანების, მათ შორის ოჯახის წევრების.
მან სხვადასხვა დაავადებებზე ისაუბრა, რომლებიც მსოფლიომ მხოლოდ ვაქცინის საშუალებით დაამარცხა.
“პოლიომელიტი ძალიან ვერაგი დაავადებაა, რომელთანაც კაცობირობამ ვაქცინაციით ორგანიზებული ბრძოლა დაიწყო 50-იან წლებში. ძალიან დიდი მიღწევაა, რომ პოლიომელიტი დარჩა მხოლოდ 2 ქვეყანაში - ავღანეთში და პაკისტანში. პოლიომელიტისგან გათავისუფლდა აფრიკის კონტინენტიც. თუ 90-იან წლებში მსოფლიო რუკა ამ დაავადების გამო გაწითლებული იყო და წლის განმავლობაში 400 000-მდე შემთხვევა ფიქსირდებოდა, რომელიც სხვადასხვა ხარისხის უნარშეზღუდულობით მთავრდებოდა, დღეს პოლიომელიტის მხოლოდ რამდენიმე ათეული შემთხვევაა წლის განმავლობაში, ისიც მხოლოდ 2 ქვეყანაში. დარმწუნებული ვარ, 2-4 წლის შემდეგ ეს დაავადება ისევე აღმოიფხვრება, როგორც ყვავილი.
აგრეთვე ვერაგი დაავადებაა წითელა.90-იან წლებში წითელათი ყოველწლიურად სამწუხაროდ იღუპებოდა 500 000-მდე 5 წლამდე ასაკის ბავშვი, დღეს ეს რიცხვი ჩამოსულია 100 000-ზე ბევრად ქვემოთ. ეს ყველაფერი გააკეთა ვაქცინაციამ. მსოფლიო იქითკენაც მიდის, რომ წითელა აღარ იყოს და საერთოდ აღმოიფხვრას.
ჩვენ შარშანდელი წელი ცოფის გარეშე დავასრულეთ. ცოფი გახლავთ დაავადება, რომელიც პრევენცირდება მხოლოდ ვაქცინით. ცოფი თუ განვითარდა, სამწუხაროდ დღევანდელი მედიცინა მის წინაშე უძლურია. ვფიქრობთ, 2030 წლისთვის სამყარო ცოფისგან თავისუფალი იქნება და ამას გააკეთებს ისევ ვაქცინა“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, დღეს ყველაზე აქტუალურია ვაქცინაციის პროცესი კოვიდთან მიმართებაში.
“მსოფლიო ძალიან აქტიურად მუშაობს და ჩვენც უნდა გავააქტიუროთ ვაქცინაციის პროცესი. ვაქცინების მარაგი თანდათან ივსება ქვეყანაში და ის კიდევ უფრო მეტად შეივსება. 1 700 000 მოზრდილ ადამიანს სანამ არ ავცრით ქვეყანაში, მშვიდად ვერ ვიქნებით კოვიდთან მიმართებაში. ეპიდსიტუაცია გლობალურად უარესდება, სიკვდილიანობის ტემპი გაზრდილია.
500 აცრილი ადამიანი, არის 1 შენარჩუნებული სიცოცხლე. ამიტომ საქართველოს თითოეული მოქალაქე ვალდებულია თავის თანამოქალაქეებთან, რომ აიცრას და თავისი აცრით დაიცვას სხვა ამ ფატალური გამოსავლისგან“,- აცხადებს ამირან გამყრელიძე.
მისი ინფორმაციით, დილის მონაცემებით ქვეყანაში 38 553 აცრაა ჩატარებული, მათ შორის “ფაიზერით“ 2 887 ადამიანი უკვე ორჯერადად არის აცრილი.