საზოგადოება
13/09/2021

ამირან გამყრელიძე: ბავშვებმა სკოლაში რომ იარონ, მშობლებმა კეთილი ინებონ და აიცრან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სკოლებში აცრების მაღალი მაჩვენებელი არ არის. 

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე საჯარო სკოლების მთლიანი პერსონალის 55%-ია აცრილი 1 დოზი, სრულად აცრილია 33%. პედაგოგების მინიმუმ 1 აცრის საშუალო მაჩვენებელია 58%, სრულად აცრილია 36%. კერძო სკოლების პედაგოგებიდან მინიმუმ 1 დოზით აცრილია 64%, სრულად აცრილია 44%, საიდანაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია თბილისში - 70%.  

ამირან გამყრელიძის განცხადებით, სასურველია სკოლებში აცრის მაჩვენებელი იყოს 80%. გარდა ამისა, იმისათვის, რომ ბავშვებმა საკლასო ოთახებში იარო, მხოლოდ მასწავლებლების აცრა არ არის საკმარისი. ამირან გამყრელიძემ სკოლის მოსწავლეების ოჯახის წევრებსაც მოუწოდა აცრისკენ. 

“ოქტომბერში სწავლა აუცილებლად უნდა დაიწყოს. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ადასტურებს თავის მზაობას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერი გააკეთოს, რომ სწავლა აღდგეს. სასურველია, რომ სკოლებში აცრის მაჩვენებელი იყოს 80%, მასწავლებლების და ადმინისტრაციული პერსონალის. ვითვლით ასევე რამდენ მასწავლებელს აქვს გადატანილი ინფექცია, ესეც შედის კუმულაციურ იმუნიტეტში და ამის შესაბამისად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. მაგრამ მარტო მასწავლებლები არა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ გვინდა, ჩვენმა ბავშვებმა სკოლებში იარონ, ასევე მშობლებმა კეთილი ინებონ და აიცრან“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.