ამირან გამყრელიძე: 2-3 კვირაში "ომიკრონი" დომინანტი გახდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შეფასებით, ბოლო 1 თვის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების კლების პოზიტიური დინამიკაა. იზრდება აცრების მაჩვენებელი, განსაკუთრებით ასაკობრივ ჯგუფში, რაც 200 ლარიანი წახალისების ეფექტიცაა.
მისი თქმით, 60 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, წახალისების პროგრამის ფარგლებში, 114 000 ადამიანი აიცრა. ამ ასაკობრივ ჯგუფში პირველი დოზით 50%-ია აცრილი.
რაც შეეხება "ომიკრონს", ამირან გამყრელიძე ფიქრობს, რომ 2-3 კვირაში ის დომინანტი გახდება.
ამ ეტაპზე, მისი თქმით, "ომიკრონით" 63 ადამიანის ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის 18 წლამდე 5 მოზარდი და ბავშვია. 6-ის შემთხვევაში რეინფიცირებაა. მიმდინარეობა ძირითადად მსუბუქია. სტაციონარში იმყოფება 3 ადამიანი, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ და ისინი მხოლოდ კვლევებს საჭიროებენ და არა მკურნალობას.