ამირან გამყრელიძე: 1375 სამედიცინო პერსონალი აიცრა, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 2 დღის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მხოლოდ 1375 სამედიცინო პერსონალმა ჩაიტარა, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია.
მან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს აქტიურობისკენ მოუწოდა და აქვე დასძინა, რომ დანარჩენი მოსახლეობისთვის ისინი უნდა იყვნენ მაგალითი.
„შექმნილია ელექტრონული პორტალი, სადაც 4532-ია დარეგისტრირებული. ის აქტივობა, რაც დღეს და გუშინ გვაქვს, კარგი არ არის. ჩვენ უფრო მეტს ველით. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ამ პროცესში ყველასთვის მაგალითი უნდა ვიყო. სტარტის დროს დიდი აქტივობა არ არის ხოლმე, იმედია, ეს აქტივობა მოიმატებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ინფორმაციისთვის, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა საქართველოში 13 მარტს ჩამოვიდა, ვაქცინაცია კი, 15 მარტს დაიწყო. პირველ ეტაპზე შემოტანილია ვაქცინის 43 200 დოზა.