ალეკო ელისაშვილი: ხალხი წელში წყდება, გაჭირვებისგან ისე აქვთ ქამრები შემოჭერილი
ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ფინასთა მინისტრს მიმართავს კითხვით, მცირდება თუ არა ადმინისტრაციული ხარჯები და ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს, რატომ აღარ ახსენებენ -"ქამრების შემოჭერას".
"წლების წინ, ბიუჯეტის განხილვის დროს ყოველთვის ახსენებდნენ ასეთ ტერმინს - "ქამრების შემოჭერა". ახლა საერთოდ აღარც ისმის. 2022 წლის ბიუჯეტში სად ხედავთ "შემოჭერილ ქამრებს"? ქვეყანა და ხალხი გაჭირვებისგან წელში წყდება, ისე აქვთ შემოჭერილი ქამრები, მთავრობას ამისი არაფერი ეტყობა", - მიმართა ალეკო ელისაშვილმა ლაშა ხუციშვილს.
დეპუტატმა თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებული ბიუჯეტიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის ოკუპირებული ქვეყნისთვის ძალიან მცირეა.
"თავდაცვისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი აღმაშფოთებლად არასაკმარისია. არ ვიცით უკრაინასთან მიმართებაში რა მოხდება, მაგრამ რუსეთის მეორე საკბილო ჩვენ ვართ. ჩემი აზრით ეს ბიუჯეტი არ არის ოკუპირებული ქვეყნისთვის საკადრისი. რეალურად საბრძოლო მოქმედებაში ვართ, გაჩერებული და გაყინული კი არის, მაგრამ აქვე არიან, სრულ საბრძოლო მზადყოფნაში. ჯარი არ არის სოციალური პროექტი, მხოლოდ ხელფასები ვარიგოთ. არც ხელფასებია ბევრი. შეიარაღება თუ არ შეისყიდა ხელისუფლებამ ჯარისთვის, გვეყოლება უბრალოდ ანაზღაურებადი ადამიანები სახელმწიფო სამსახურში", - განაცხადა პლენარულ სხდომაზე ალეკო ელისაშვილმა, სადაც 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიას განიხილავენ.