"ახმეტელის" მეტროსთან გარევაჭრობა აიკრძალება
"ახმეტელის" მეტროსთან გარევაჭრობა აიკრძალება.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გარემოვაჭრეები ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე გადავლენ. მეტროს მიმდებარე ტერიტორია კი, ინფრასტრუქტურულად მოწესრიგდება.
"მინდა დავავალო მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, ასევე გლდანის რაიონის გამგებელს, დაიწყეთ კომუნიკაცია გარე მოვაჭრეებთან, ასევე ბაზრობის ადმინისტრაციასთან, რომ მოხდეს ამ ადამიანების გადაყვანა ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე და ამ ადამიანებს ნორმალურ პირობებში მიეცეთ მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა.
ასევე, მინდა დავავალო ჩემს მოადგილეს ირაკლი ბენდელიანს, რომ დაიწყოთ მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურული მოწესრიგება. ფილები ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. დაიწყეთ ამ ყველაფრის განახლება.
ზოგადად ჩვენი მიდგომაა, რომ მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიები მაქსიმალურად იყოს მოწესრიგებული. არავისთვის არ არის მისაღები დღეს არსებული მდგომარეობა", - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, მსგავსი პროექტი განხორციელდა "ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ ეტაპზე მუშაობა მიდის "სამგორის" მეტროს მიმდებარედ, კერძოდ ნავთლუღის ბაზრობის ტერიტორიაზე.
"პირველი პროექტის განხორციელება "ვარკეთილის" მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დავიწყეთ, სადაც გარევაჭრობამ ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე გადაინაცვლა. გარდა ამისა, ავიღეთ ყველა უკანონო ჯიხური, რომელიც განთავსებული იყო "ვარკეთილის" მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე. ფეხით გადაადგილებაც კი შეუძლებელი იყო. პრობლემას წარმოადგენდა იმ ადამიანებისთვის, ვინც ყოველდღიურად სარგებლობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
კიდევ ერთი პროექტი ხორციელდება "სამგორის" მეტროს, კერძოდ ნავთლუღის ბაზრობის ტერიტორიაზე. გვინდა, აქაც მთლიანად მოწესრიგდეს არსებული ტერიტორია - მოხდეს განახლება და გარემოვაჭრეების გადაყვანა ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე. ამ მიმართულებით უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა და ეს ყველაფერი გვინდა გავაგრძელოთ ყველა მეტროს მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებით", - განაცხადა კახა კალაძემ.
მერის განცხადებით, გარევაჭრობა ეტაპობრივად ყველა მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე აიკრძალება.
"მე რა თქმა უნდა მესმის იმ ადამიანების, ვინც ეკონომიკური საქმიანობით არის დაკავებული, მაგრამ ეს ყველაფერი შეგვიძლია გავაკეთოთ ცივილურად, იმ ტერიტორიაზე და იმ ადგილზე, სადაც ეს ნებადართულია, და სადაც სხვა ადამიანები ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას - ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე. ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ და დავეხმარებით ამ ადამიანებს, ვინც დღეს გარევაჭრობითაა დაკავებული, რომ მათი განთავსება მოხდეს ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე", - აღნიშნა კახა კალაძემ.