აკაკი ზოიძე: მთავარია რეგულირების სააგენტოს მანდატის გაფართოება ფიქცია არ იყოს
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას, სამედიცინო და ფარმაცევტულ სექტორზე კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით “ბიზნესპარტნიორთან“ ჯანდაცვის სპეციალისტი აკაკი ზოიძე აფასებს.
მისი ინფორმაციით, სფერო პრაქტიკულად დაურეგულირებელია, ანუ არც ფასებთან და არც ხარისხთან მიმართებაში სახელმწიფოს როლი არის მინიმალური.
„რეალურად, სახელმწიფო ვერ ახორციელებს იმ კონტროლს, რაც ადამიანებს ხარისხიან და ფინანსურად ხელმისაწვდომ მედიკამენტზე სჭირდებათ. ეს არის ამოცანა და თუ ამაში რეგულირების სააგენტო მეტ როლს შეასრულებს, კარგი იქნება. მთავარია ეს როლი არ იყოს ფიქცია, მორიგი ადმინისტრაციული ბარიერი და იყოს რეალური რეგულაცია და გაკონტროლება,“ - აცხადებს ზოიძე.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო და ფარმაცევტულ სექტორზე კონტროლის გამკაცრებას აპირებს. გაფართოვდება რეგულირების სააგენტოს მანდატი, რომელიც კლინიკებსა და ფარმაცევტულ ობიექტებს ინტენსიურად შეამოწმებს.