საზოგადოება
19/05/2022

აკაკი ზოიძე: 3 თვეში DRG მოდელზე გადასვლა კლინიკებისთვის საკმაოდ რთული იქნება

3 თვეში სისტემის ამოქმედება შესაძლებელია, მაგრამ კლინიკებისთვის ამ ვადაში DRG მოდელზე სრულად გადასვლა საკმაოდ რთული იქნება– ასე აფასებს, კლინიკების ახალი მოდელით დაფინანსების ინიციატივას ჯანდაცვის სპეციალისტი აკაკი ზოიძე.

როგორც ის "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, DRG არ არის რადიკალურად განსხვავებული მოდელი. 2014 წლიდან საუბარია ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზე, თუმცა 8 წელი გავიდა და სხვადასხვა მიზეზის გამო ამ დრომდე ვერ მოხერხდა DRG სისტების დანერგვა.

"აღნიშნული მოდელის არსი იმაშია, რომ უფრო სამართლიანი ფასწარმოქმნის და ხარჯთაღრიცხვის სისტემას გულისხმობს. გარკვეულ ეტაპზე მზად იყო ეს სისტემა განსახორციელებლად, არსებულ საინფორმაციო სისტემაში არის ე.წ. კოდები ჩაშენებული, რომელიც ხარჯების აღრიცხვის შესაძლებლობას იძლევა, რაც თავის მხრივ განსაზღვრას ანაზღაურების უფრო სწორ შეფარდებას.

ამასთან, მაგალითად, თუ ერთ სამკურნალო დაწესებულებაში რომელიმე მანიპულაცია ღირს კონკრეტული ფასი და მეორე დაწესებულებაში იგივე მომსახურების ღირებულება რადიკალურად განსხვავდება, DRG მოდელის დანერგვით ეს პრობლემა მოიხსნება."– აღნიშნავს აკაკი ზოიძე.

მისივე თქმით, სისტემა საჭიროებს გარკვეულ სტატისტიკურ მონაცემებს, ამიტომ მნიშვნელოვანია თუ რამდენად არის ეს მონაცემები ადექვატური. ამასთან, დაწესებულებების მზაობა რამდენად არსებობს და როდის, როგორ მოხდება ამ სისტემაზე გადასვლა.

"ვფიქრობ, ამ სისტემაზე გადასვლა სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა მნიშვნელოვანია როგორ განხორციელდება DRG მოდელის დანერგვა. უამრავი დეტალია, მათ შორის, ინფორმაციის გაცვლა, ჰოსპიტლებთან პარტნიორობა და სხვა. 3 თვეში სისტემის ამოქმედება შესაძლებელია, მაგრამ კლინიკებისთვის ამ დროში სრულად DRG მოდელზე გადასვლა საკმაოდ რთული იქნება." –ამბობს, აკაკი ზოიზე.  

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ბოლომდე სახელმწიფო ყველა კლინიკას ახალი მეთოდით დააფინანსებს. საუბარია, დაფინანსების დიაგნოზთან შეჭიდულ მოდელზე - DRG.

DRG მოდელი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზისა და სხვა რამდენიმე ფაქტორზე დაფუძნებით განსაზღვრავს. ასეთი შეიძლება იყოს ასაკი, სქესი, გეოგრაფიული ლოკაცია და სხვა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ უკვე დაიწყო DRG-ის დანერგვის პილოტური პროექტი, რამდენიმე შერჩეულ კლინიკაში. 2022 წლის ბოლოს კი, სისტემა მზად იქნება, რომ ყველა კლინიკაში ამოქმედდეს.