აგრარულ საკითხთა კომიტეტი "საკვების ბანკის" შექმნაზე კანონპროექტს წლის ბოლომდე შეიმუშავებს
აგრარულ საკითხთა კომიტეტი "საკვების ბანკის" შექმნაზე კანონპროექტს 2021 წლის ბოლომდე შეიმუშავებს.
"საკვების ბანკის" შექმნის შესახებ საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს მოქალაქე დავით მებაღიშვილმა მიმართა, რომელიც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს უნდა განეხილა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა განაცხადა, საკანონმდებლო ინიციატივას აგრარულ საკითხთა კომიტეტი მოამზადებს. აგრეთვე, ამ საკითხზე მთავრობის დასკვნაა, რომ საკანონმდებლო წინადადება საჭიროებს დამუშავებას სურსათის უვნებლობის კუთხით. კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადება უარყოფილად ცნო, თუმცა ინიციატორს მიმართეს, რომ აგრარულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში იმუშაოს კანონპროექტის შესამუშავებლად.
"აგრგარულ საკითხთა კომიტეტი გეგმავს, მიმდინარე წლის ბოლომდე შეიმუშაოს კანონპროექტი ამ საკითხთან მიმართებით - მისი აღსრულების მექანიზმები და სახელმწიფოს როლი ამ საკითხებში. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის მიერ მოწოდებული დასკვნის თანახმად, საკანონმდებლო წინადადება საჭიროებს დამუშავებას, სურსათის უვნებლობის კუთხით. შესაბამისად,მიზაშეწონილია საკანონმდებლო წინადადების ავტორმა აგრარულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში იმუშაოს, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკანომდებლო წინადადება უარყოფილი უნდა იყოს და მუშაობა გაგრძელდეს აგრარული კომიტეტის ფარგლებში", - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
პოზიცია დააფიქსირა აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრმა ხატია წილოსანმა და აღნიშნა, რომ კომიტეტის ფარგლებში განიხილება არა მხოლოდ საკვების ბანკის შექმნის საკითხი, არამედ ზოგადად ვარგისად გამოსაყენებელი სურსათის სწორად მართვის საკითხები, რომელიც შეიძლება იყოს მისი ერთ-ერთი კომპონენტი.
"ჩვენ გვქონდა ინიციატორთანაც შეხვედრა, შევთანხმდით ერთობლივ მუშაობაზე ამ თემებთან დაკავშირებით",- აღნიშნა ხატია წილოსანმა.
დავით მებაღიშვილმა პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმდინარე წლის მაისში მიმართა და განმარტა, რომ ინიციატივა უკავშირდება საკვების გაფლანგვასთან მიმართებაში შესაქმნელ სტრატეგიას.
"სიღარიბისგან გამოწვეული შოკების შესამცირებლად პირველ რიგში, ასევე არასამთავრობო სექტორის სოციალური განვითარებისთვის საჭიროა, რომ შეიქმნას საკვების ბანკი", - ამბობს დავით მებაღიშვილი.