საზოგადოება
25/01/2021

8 წლის წინ დადგენილი ტარიფები საკმარისი აღარ არის - ავერსის კლინიკა

სამედიცინო სექტორი ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმდა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში სამედიცინო მომსახურებაზე დადგენილი ტარიფები, შესაძლოა შეიცვალოს. ფასწარმოქმნის მექანიზმზე მუშაობა მიმდინარე კვირაში დაიწყება.

„რამდენიმე საკითხი განვიხილეთ. პირველი, ეს არის ტარიფები. იცით, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 8 წლის წინ დადგინდა ტარიფები, რომლითაც ხორციელდება სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება სამედიცინო დაწესებულებებში. ამ ხნის განმავლობაში შეიცვალა ვალუტის კურსიც, ასევე გაძვირდა მედიკამენტები და სამედიცინო დანიშნულების საგნები. შეიცვალა და გაიზარდა კომუნალური მომსახურების ხარჯები. აქედან გამომდინარე, გაიზარდა სამედიცინო მომსახურების ფასები და ის დადგენილი ტარიფები საკმარისი აღარ არის“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ „ავერსის“ კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, დიმიტრი ჯორბენაძემ.

ჯორბანაძის განცხადებით, მინისტრი ეთანხმება იმ აზრს, რომ ტარიფების დადგენის შემდეგ გარკვეული დრო გავიდა, რის გამოც ფასწარმოქმნის მექანიზმის ცვლილება დასაშვებია.

„ტარიფიკაციასთან დაკავშირებით მუშაობას უკვე ვიწყებთ. ფასწარმოქმნის მექანიზმზე ამ კვირაში შევთანხმდებით. მოხდება ფასების ინდექსაცია. ძალიან ძნელია იმის თქმა, ამისთვის რა დრო დაგვჭირდება“,- აღნიშნა დიმიტრი ჯორბანაძემ.