22 სექტემბრიდან თბილისში 20 ახალი ავტობუსი და 90 მიკროავტობუსი გავა ხაზზე
თბილისის მერია დამატებით 380 ახალი ავტობუსის შემოყვანას გეგმავს. აქედან 180 ერთეული 8 მეტრიანი ავტობუსი იქნება და 18 მეტრიანი 200 ერთეული ავტობუსი.
“ავტობუსების განახლება-ჩანაცვლება ფაქტობრივად დასრულებული გვაქვს, მაგრამ მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით. სამწუხაროდ ჯერ კიდევ რჩება ისეთი უბნები, ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გადაადგილდება. შესაბამისად, ჩანაცვლების გარდა, მივიღეთ გადაწყვეტილება, დამატებით 380 ერთეული ახალი ავტობუსი შემოვიყვანოთ. აქედან 180 იქნება 80 მეტრიანი ავტობუსი, 200 ერთეული 18 მეტრიანი, რომლის შესყიდვასაც მომავალ წელს განვახორციელებთ“,- აღნიშნა თბილისის მერმა.
მისი თქმით, 8 მეტრიანი 180 ავტობუსიდან, 20 უკვე თბილისშია და ხაზზე 22 სექტემბრიდან გავა.
გარდა ამისა, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში შემოიყვანეს 90 ახალი მიკროავტობუსი, რომელიც ხაზზე 22 სექტემბრიდან გავა.
თბილისის მერი აქვე აღნიშნავს, რომ წლის ბოლომდე დედაქალაქში არცერთი ყვითელი მიკროავტობუსი აღარ ივლის.
“წლის ბოლოსთვის მთლიანად ჩანაცვლდება მიკროავტობუსები. არცერთი ყვითელი დანგრეული მიკროავტობუსი ქალაქში არ იმოძრავებს. დღეის მდგომარეობით ჩამოსულია 90 ახალი მიკროავტობუსი და ესეც 22 სექტემბრიდან გავა ხაზზე.
ქსელის მთლიანად განახლება მიმდინარეობს, იმისთვის, რომ არ დავტოვოთ არცერთი ქუჩა, უბანი, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ივლის. ყველანაირად ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ყველასთვის კომფორტული და თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე უნდა შეძლოს ქალაქში გადაადგილება. ამისთვის მნიშვნელოვანია ასევე ინფრასტრუქტურის მოწყობა, რასაც პარალელურად ვახორციელებთ“,- განაცხადა კახა კალაძემ.