"2023 წელს უცხოელი სტუდენტების მიერ გადახდილმა სწავლის საფასურმა ₾260 მლნ-ი შეადგინა"
ბოლო წლებში, მთელ მსოფლიოში, შესამჩნევად იზრდება უცხოელი სტუდენტების რაოდენობა. შესაბამისად, იზრდება მათი კონტრიბუციაც მასპინძელი ქვეყნების ეკონომიკაში. გამონაკლისი არც საქართველოა.
უახლესი კვლევების მიხედვით, 2020-2021 სასწავლო წელს, ჯამურად, უცხოელ სტუდენტებს, მათ უცხოელ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს 132 მილიონი დოლარის ღირებულების, ცხოვრების ხარჯი ჰქონდათ გაწეული.
რაც შეეხება სტუდენტების სტატისტიკურ მაჩვენებლებს, 2013-2014 აკადემიური წლიდან 2022- 2023 აკადემიური წლის ჩათვლით, მათი რაოდენობის ზრდის საშუალო წლიურმა ტემპმა 22%-ს გადააჭარბა.
როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი აცხადებს, ამავე საანგარიშო პერიოდში, გაზრდილია ქვეყნების რაოდენობაც 27 სახელმწიფოდან 80 ქვეყნამდე. მისი თქმით, ყოველი მეორე უცხოელი სტუდენტი ჩვენს ქვეყანაში ინდოეთიდანაა, თუმცა ამ კუთხით ქართულ უნივერსიტეტებს ახალი ქვეყნებიც ემატება.
„მაგალითად, საანალიზო პერიოდში, მნიშვნელოვნად გაიზარდა იორდანიელი სტუდენტების რაოდენობა. 2013-2014 აკადემიური წლიდან 2019-2020 აკადემიური წლის ჩათვლით, საქართველოს უნივერსიტეტებში არცერთი იორდანიელი სტუდენტი არ სწავლობდა. თუმცა, 2022-2023 აკადემიურ წელს მათი რიცხვი შეადგენს 1,442-ს, რაც სიდიდით მეორე მაჩვენებელია ქვეყნების მიხედვით უცხოელი სტუდენტების განაწილებაში“, - განმარტა ხიშტოვანმა.
მისივე განმარტებით, საანალიზო პერიოდში, ასევე, შესამჩნევად გაიზარდა უცხოელი სტუდენტების წილი საქართველოში ჩარიცხული სტუდენტების საერთო რაოდენობაშიც.
„ამ ამბის ეკონომიკურ სარგებელზეც რომ ვისაუბროთ, პროგრამებზე, რომლებზეც სწავლობენ უცხოელი სტუდენტები, საშუალო გადასახადი 4,300 ლარიდან 9,400 ლარამდე გაიზარდა. იზრდება უცხოელი სტუდენტების მიერ გადახდილი სწავლის საფასურის მთლიანი ოდენობა და მისი წილი განათლების სექტორის მთლიან შიდა პროდუქტშიც. ამ ნაწილში, ბოლო წლებში ზრდის ტემპმა 39% შეადგინა“, - აღნიშნა კვლევითი ცენტრის დირექტორმა.
მისივე ინფორმაციით, 2022-2023 სასწავლო წლისთვის უცხოელი სტუდენტების მიერ გადახდილმა სწავლის საფასურმა, ჯამურად, 260 მლნ ლარი შეადგინა.
როგორც ხიშტოვანი ამბობს, უცხოელი სტუდენტების რაოდენობის ზრდასთან ერთად, მზარდია საქართველოს უნივერსიტეტებში უცხოენოვანი სასწავლო პროგრამების რიცხვიც. მაგალითად, 2013-2014 აკადემიური წლიდან 2022-2023 აკადემიური წლისთვის, მათი რაოდენობა 61-დან 183-მდე გაიზარდა. უცხოური პროგრამების უმეტესობა ინგლისურენოვანია.
გიორგი ხიშტოვანი, სხვადასხვა ქართულ უნივერსტიტებებს, სადაც განსაკუთრებით დიდია საერთაშორისო სტუდენტების რიცხვი, ურჩევს რომ გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, სასწავლო პროგრამების ხარისხი არ დააგდონ და მაღალი სტანდარტი შეინარჩუნონ, იმისთვის რომ საქართველოს მიმართ ინტერესი გრძელ ვადიანად შენარჩუნდეს.